FAO-ს ახალი პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მიერ ორი მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი ოთხწლიანია და მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ხატია წილოსანმა და გიორგი ხანიშვილმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერმა გახსნეს. პროექტის პრეზენტაცია სამუშაო შეხვედრით გაგრძელდა, რომელზეც განსახორციელებელი ღონისძიებები და ტექნიკური საკითხები განიხილეს.