8 დღეში საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანას 74.02 ათასი კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნა

 8 დღეში საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანას 74.02 ათასი კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნა, 2021 წლის იანვრიდან დღემდე კი – 201.82 ათასი კგ. მიზეზი, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენა გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ინთვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.” -ნათქვამია განცხადებაში

ასევე, აგვისტოში, საბაჟო გამშვები პუნქტიდან „სარფი“, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება გაბრუნდა. მიზეზი კვლავ ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები იყო.

2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 7 789 ტონა (1.712 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 13 649 ტონა (3.173 მლნ აშშ დოლარი).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin