5 პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალება, რომელშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშების საფრანგეთის ლაბორატორიაში („ევროფინსი“) შემოწმებით დადგინდა, რომ მათგან 5 პროდუქტი მავნე ნივთიერებებს შეიცავდა. ინტერაქტიული საიტის, momxmarebeli.ge-ს ცნობით, პროდუქცია პარაბენების (34 ნიმუში), ბარიუმისა (3 ნიმუში) და სხვა კონსერვანტების (2 ნიმუში) შემცველობაზე შემოწმდა. 5 ნიმუშში აღმოჩენილია პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. მავნე ნივთიერებების შემცვლობა გამოვლინდა ნაოჭების საწინააღმდეგო საცხ „Garnier“-ში,ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი “Amalfy”-ში, თმის საღებავ “CLAIROL”-ში, თხევად ტუჩსაცხ MAT-ში და ფრჩხილის ლაქ “Olivia”-ში.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.  

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin