28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ქვეყნის მასშტაბით შინაური ბინადარი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ჩაატარეს.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. იგი ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის  ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიურად 260 ათასზე მეტი ცხოველი იცრება. მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 210 000 ცხოველი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 63%-ით არის შემცირებული.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მონაცემებით, ცოფისაგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება. გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება საქართველოშიც.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin