2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5 %-ით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.5 %-ით შემცირდა. ამ პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა 762.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს, ორივე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 % – ით ნაკლებია.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სავაჭრო ბრუნვის შემცირება საანგარიშო პერიოდში ძირითადად, იმპორტის მაჩვენებლის შემცირებამ გამოიწვია. 

ექსპორტ-იმპორტის მონაცემები

ექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოდან პროდუქცია უმეტესად (41%) დსთ-ს ქვეყნებში გადიოდა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი 22%-ს შეადგენდა. 

იმპორტის შემთხვევაში კი საქართველოდან პროდუქციის 28.7% დსთ-ს ქვეყნებიდან შემოვიდა, 20.8% კი ევროკავშირისგან, შემოტანილი პროდუქციის ნახევარი დანარჩენ ქვეყნებზე მოდის. 

2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 % შეადგინა.უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია:

  • აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი);
  • ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი);
  • ჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.9 % შეადგინა. პირველ სამეული კი ასეთია:

  • ჩინეთი (99.6 მლნ. აშშ დოლარი);
  • თურქეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი);
  • რუსეთი (55.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს 49.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 %-ს შეადგენს.

საექსპორტო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის I კვარტალში ექსპორტზე ასევე გავიდა:

მინერალური და მტკნარი წყლები -8 802.9 ათასი აშშ დოლარი 3.9%.  

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 8 696.1 ათასი აშშ დოლარი 3.9%.

თხილი და სხვა კაკალი – 7246.4 ათასი აშშ დოლარი 3.2%

სპირტიანი სასმელები – 6958.1 ათასი აშშ დოლარი 3.1%

აზოტოვანი სასუქები – 5971.3ათასი აშშ დოლარი 2.7%

ციტრუსების ახალი ან გამხმარი ნაყოფი -3 881.6 ათასი აშშ დოლარი 1.7 %

საქსტატის ცხრილის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილი პროდუქტებიდან ექსპორტზე 2021წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლები რაოდენობით გავიდა ყურძნის ნატურალური ღვინოები, აზოტოვანი სასუქები და სპირტიანი სასმელები. 

ამავე პერიოდში იმპორტის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, რომლის იმპორტმა 46.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 % შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის 40.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 %), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 36.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 %).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin