2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

2020 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა. 2020 წლის IV კვარტალში ეს მაჩვენებელი 20.4 % იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4 %-ით მეტია. 

დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის -2.4 %-ით, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში -2.3 %-ით. ამასთან 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 5.6 %-ით, სასოფლო დასახლებებში კი 1 %-ით გაიზარდა. 

სხვა წლების მსგავსად, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 2.5 %-ით, ხოლო კაცებში 4.7-ითაა გაზრდილი.

ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი სავარაუდოდ, ერთერთი ფაქტორია იმისა, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისთანავე სამ დღეში პორტალზე 65 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. 

გერმანიაში დროებითი დასაქმების მიზნით საქართველოდან რეგისტრაცია 65 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა,  ეს კი შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 4 %-ს შეადგენს. გერმანიაში სამი თვით დასაქმება საქართველოს მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის სექტორში შეეძლებათ. დასაქმების პირობები ასეთია: ხუთი-ექვსი დღე კვირაში და რვა-ათი საათი დღეში, მინიმალური ხელფასი საათში 9, 50 ევრო იქნება, რომელსაც გადასახადების, კვებისა და საცხოვრებელი ხარჯები გამოაკლდება. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin