2019-2020 წლებში 119 ნიმუშიდან 14-ში სუდანის შემცველობა გამოვლინდა

2019-2020 წლებში 119 ნიმუშიდან არასაკვები საღებავის-სუდანის შემცველობა 14 შემთხვევაში გამოვლინდა- ინფორმაციას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, 3 სახეობის პროდუქტში სუდანი განმეორებით აღმოჩნდა. 

ორგანიზაციამ საკვლევად თბილისის მაღაზიებიდან, ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია აიღო. 

კვლევა ჩატარდა შემდეგ პროდუქტებზე:

  • წითელი წიწაკა; 
  • აჯიკა;
  • ტყემალი;
  • ტომატის საწებელი;
  • კეტჩუპი.

2019 წელს სურსათის ნიმუშები შეისწავლა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. სააგენტომ აღებული 10 ნიმუშიდან დარღვევა 90 %-ში ანუ 9 შემთხვევაში გამოავლინა. 

სააგენტოს ცნობით, 7 შემთხვევაში წითელი წიწაკა იმპორტირებული იყო უზბეკეთიდან, 2 შემთხვევაში კი მიკვლევადობით წარმოშობის ქვეყანა ვერ დადგინდა.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საკვებში სუდანის აღმოჩენის შემთხვევები  პროცენტულად შემცირდა. 2020 წელს 34 ნიმუშიდან  საღებავი 9 საკვებში აღმოჩნდა, ესენია:

წითელი წიწაკა -7

აჯიკა – 1

სვანური მარილი – 1

2021 წლისთვის კი სურსათის ეროვნული სააგენტო მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე 33 ნიმუშის შესწავლას აპირებს. 

“სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც, ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება. ის წითელი შეფერილობისაა და მას ხშირად წითელი ფერის მისაცემად საკვებ პროდუქტებში იყენებენ. თუმცა საკვებში მისი გამოყენება დაუშვებელია. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, “ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას”. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე “სუდან 1” კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

ევროკავშირის ბაზარზე სუდანის შემცველი პროდუქტების რეალიზება აკრძალულია. საღებავი „სუდანი“ 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების სამ პარტიაშიც გამოვლინდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin