2014-2019 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით ანაზღაურებული ზარალი 35 მლნ ლარზე მეტია

2014 წლიდან დღემდე, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია. 2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს მასშტაბით გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3 381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა. სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსება ვაზზე 50% – ს, ყველა სხვა კულტურაზე კი 70%-ს შეადგენს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი შემდეგ სადაზღვევო რისკებს ფარავს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის). 2014- 2018 წლებში, პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ფართობი 71 ათას ჰექტარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართულ ფერმერებს, რომელთაც, მაისის დასაწყისში, კახეთსა  და შიდა ქართლში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა მოსავალი დაუზიანა,  ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169 ბენეფიციარმა უკვე მიმართა.