2 დღიანი გამონაკლისი – ვის და როგორ შეეძლება გადაადგილება?

27 და 28 აპრილის საგამონაკლისო სახით მოძრაობა დასაშვებია ჩაკეტილ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. ამ ორი დღის განმავლობაში  გადაადგილება ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების  მიზნით. 15 აპრილის 21:00 საათიდან აღნიშნულ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით არის შეზღუდული.

„27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე”, – განმარტავს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი.

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან, დღეიდან დაიწყო.

დღეს დილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა. ასევე სრულად დაშვებულია საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და მოთხოვნების დაცვით.

შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა ყველგან, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. ასეთი რეჟიმი მოქმედებს მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, ლენტეხში, ქობულეთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin