100-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად ხვალ მუშაობასა და გატანის სერვისს შეწყვეტს

100-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად ხვალ მუშაობასა და გატანის სერვისს შეწყვეტს – ამის შესახებ სფეროში ჩართული ადამიანები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. 

როგორც რესტორნების წარმომადგენლები ამბობენ, ამით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააპროტესტონ და მთავრობას აჩვენონ, როგორია რესტორნების გარეშე ყოფნა.

“მავნე ხელისუფლება იძულებული უნდა გავხადოთ რომ იმოქმედოს” – ამბობს გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგაძე. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რესტორნების ნაწილი უერთდება, ნაწილი კი უარყოფითად ეხმიანება.

“არ ვუერთდებით გაფიცვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია” – წერს ერთ-ერთი რესტორანი ფეისბუქ გვერდზე.

რა პასუხი აქვს მთავრობას რესტორნების გაფიცვაზე?

დღესვე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში რესტორნების ამუშავება მას შემდეგ იგეგმება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ნათია თურნავამ ბრიფინგზე თქვა, რომ ტრანსპორტის ამუშავება უფრო პრიორიტეტულია, რადგან მეტ ადამიანს ეხება.

“რესტორნების მდგომარეობა მძიმეა ნამდვილად. ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ. ეს კვირა მთლიანად ბიზნებთან კომუნიკაციას მიეძღვნა. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, როგორც კი გვეძლევა საშუალება, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემის წინა პერიოდს” – აღნიშნა თურნავამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin