ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში, მაშინ მე შსს მინისტრი ვიყავი – გახარია ნამახვანჰესზე

„ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, 2019 წლის აპრილში, როცა ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული“, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას. 

გიორგი გახარიას თქმითვე, იმ დროისთვის ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პროექტის ეკონომიკური ნაწილი არ ახსოვს. მისივე შეფასებით, პრობლემურია სახელმწიფოს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. 

„აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ჰიდრორესურსებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ენერგორესურსები ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. პრობლემა არის აქ ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და თუ არ დალაგდა ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, – თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin