ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა – მოქალაქეებს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სტიქიის დროს სახლში ოჯახის 3 წევრი იმყოფებოდა, მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც, რომელშიც 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მდინარე მეჯინისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ზანაქიძეებში გადასასვლელ ხიდთან ავტომობილით წყალში გადავარდა მოქალაქე – წერს მუნიციპალიტეტი. მათ ამ დრომდე ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამე აჭარაში  60 მეხანძრე-მაშველი დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან ჩავიდა. ამ დროისთვის, ადგილზე 120 მაშველი იმყოფება და დამატებით, თბილისიდან 50-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება.

“აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ  “112”-ში  440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და  სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ”.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin