წასულები – პრემიერ- მინისტრობის პერიოდები და წასვლის ფორმები

“ქართული ოცნების” მმართველობის მეცხრე წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკვე მე-5 პრემიერმა დატოვა. მათ შორის ბოლო გიორგი გახარიაა. იგი პრემიერის პოსტის დატოვებას ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობით ხსნის. “გუნდთან ვერ მივაღწიე შეთახმებას” – თქვა გახარიამ მთვარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სწორედ ამ გამოსვლით ამცნო მას საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება. 

პრემიერობის პერიოდები და წასვლის ფორმები

გიორგი გახარია – 2019 8 სექტემბერი – 2021 18 თებერვალი

“ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი…“გუნდთან ვერ მივაღწიე შეთახმებას”- თქვა გახარიამ საჯაროდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის წინ. 

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა. მანამდე იგი შსს მინისტრის იყო. მის გაპრემიერებას წინ უძღოდა 20 ივნისის აქციის დარბევა, რა დროსაც მან საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა. გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია.

მამუკა ბახტაძე — 2018 წლის 20 ივნისი-2019 წლის 2 სექტემბერი

მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას ვრცელი ფეისბუქ პოსტით შეატყობინა. პოსტში მან თავისი ერთწლიანი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და განსაკუთრებული მადლობა “ქართული ოცნების სულისჩამდგმელს” ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. მან პოსტშივე აღნიშნა, რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და ქვეყნის “ერთგულ ჯარისკაცად”. 

გიორგი კვირიკაშვილი — 2015 წლის 30 დეკემბერი-2018 წლის 13 ივნისი

თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციიდან გააჟღერა გიორგი კვირიკაშვილმაც. გიორგი გახარიას მსგავასად კვირიკაშვილმაც გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

კვირიკაშვილის გადადგომამდე საზოგადოებაში მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა. ამ განცხადებების საპასუხოდ 2018 წლის 30 მარტს განცხადება გააკეთა თავად კვირიკაშვილმაც და თქვა: 

“იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა.“

თუმცა ტაიმერმა ამ განცხადებიდან 2 თვესა და 13 დღეში დარეკა. კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საჯაროდ 2018 წლის 13 ივნისს განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილი – 2013 წლის 20 ნოემბერი-2015 წლის 30 დეკემბერი.

„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა,” – ამ სიტყვებით დატოვა პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა, მას გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია.

გადადგომამდე ორი დღით ადრე პრემიერის რანგში ღარიბაშვილმა მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და მისი ხელმძღვანელობით მთავრობის საქმიანობაც წარმატებულად შეაფასა. 

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს გადადგომის თაობაზე ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი განცხადება ღარიბაშვილმა 2015 წლის 30 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 25 ოქტომბერი-2013 წლის 20 ნოემბერი.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2012 წელს არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ დაიკავა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან ერთ წელიწადში დატოვა. “მე მივდივარ პოლიტიკიდან, და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ,” – განაცხადა მან გადადგომის შესახებ სიტყვით მიმართვისას და თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა “თუ რამე უბედურება მოხდებოდა”. პოლიტიკაში ოფიციალურად იგი 2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა. 

2021 წელს ის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელ ფეისბუქ პოსტში თქვა, რომ მისი მისია შესრულებულია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin