ძაღლის ჭირი – რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

რა არის ძაღლის ჭირი? რა ტიპის საფრთხეს შეიცავს იგი? როგორ ავარიდოთ ცხოველები მას? როგორ უნდა მოიქცეს ძაღლის პატრონი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

რა არის ძაღლის ჭირი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ცხოველის ჭირს რამდენიმე ფორმა გააჩნია – სასუნთქი გზებით მიმდინარე, ნაწლაური ფორმით მიმდინარე, ნერვული სიმპტომატიკითა და კანის ფორმა(ყველაზე იშვიათი). დღეისათვის გვხვდება რესპირატორული, ზედა სასუნთქი გზებით კრიტიკული ნიშნებით მიმდინარე ჭირი და ნაწლაური ფორმით. ამ ორ ფორმას კი გართულების შემთხვევაში ნერვულ ფორმაში გადასვლა ახასიათებს.

უნდა მივაქციოთ ყურადღება ცხვირიდან და თვალიდან გამონადენს, ხველას, ფაღარათს, გულის რევას. ეს ყველაფერი ჭირის დამახასიათებელი სურათი შეიძლება იყოს.

ჭირი კურნებადი დაავადებაა, თუმცა არაპროგნოზირებადი. იგი ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდს მოითხოვს. მინიმალურია 21 დღიანი კურსი.

როგორ ავარიდოთ ძაღლის ჭირს თავი?

ვეტერინარი, “წვრილ ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის” პრეზიდენტი მარიამ ჩხიკვიშვილი გვიზიარებს რეკომენდაციებს, რომელიც ცხოველის პატრონმა უნდა გაითვალისწინოს.

1. აუცილებელია ცხოველთა ვაქცინაცია. პრევენციის სახით შეიძლება არ იმუშაოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ანტისხეულები უფრო მეტი აქვს ცხოველს და დამცველობითი ხარისხი უფრო მაღალია.

უნდა მივაქციოთ ყურადღება რა პირობებში იცრება ცხოველი და იყო თუ არა დაცული ვაქცინის შენახვის პირობები. როგორც მარიამ ჩხიკვიშვილი ამბობს, დღეს არსებობს ვეტერინარული კლინიკები, სადაც ვაქცინას შესაბამის, ცივ პირობებში ინახავენ.

2. ავარიდოთ თავი ცხოველებთან ერთად სეირნობას ხალხმრავალ ადგილებში, სადაც უფრო დიდი ალბათობაა ინკუბაციურ პერიოდში ვინმე სეირნობდეს და დაავადების გავრცელებას უწყობდეს ხელს. ფაქტობრივად იგივეა როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – მოვარიდოთ თავი ხალხმრავალ ადგილებს.

3. ასევე არსებობს ვაქცინა, რომელიც ცხოველს რესპირატორული დაავადებებისგან იცავს. დღეს აქტიურად არის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ვოლიერულ ხველას უწოდებენ. ასევე ცირკულირებს სასუნთქი სისტემის დაავადება. ცხოველის აცრა ამ დაავადებებზეც შეიძლება.

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ძაღლის ჭირის ეპიდაფეთქებაა, რაზეც ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი გვეუბნება, რომ მსგავსი მასშტაბით დათესილი პანიკა არის უსაფუძლო, რადგან ჭირი ყოველთვის არსებობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. როგორც იგი აღნიშნავს, მიმართვიანობა მომატებულია, თუმცა რამდენიმე სახის რესპირატორული დაავადებების ფონზე.

მარიამ ჩხიკვიშვილი ასევე ამბობს, რომ ამ დროს, როცა ცხოველის ჭირთან დაკავშირებით პანიკური კონდიციაა შექმნილი, ქუჩის ცხოველების დადანაშაულება მაინც არ არის სწორი.

ჭირის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ცხოველთა მოყვარულები პასუხისმგებლობას მუნიციპალურ სამსახურს აკისრებენ.

“როდესაც დაავადებული ცხოველი შემოდის ჩვენთან ამ შემთხვევაში ვუკეთებთ ტესტირებას. თუ დადასტურდება, რომ ცხოველს ჭირი აქვს ვუკავშირდებით ინიციატორს და ვთხოვთ, რომ გაიყვანოს და მოუაროს. თუ არ დაუდასტურდება ჭირი ვუკეთებთ სტერილიზაცია-კასტრაციას და ვუშვებთ ბუნებრივ გარემოში. თუ არ წაიყვანა ინიციატორმა, კანონი გვავალდებულებს, რომ ცხოველი დავაძინოთ” – ამბობს მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარი გიორგი ჭუნიაშვილი “ფორმულასთან” ინტერვიუში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin