ცოფის ვირუსი ქობულეთში – სად დაწესდა და რას გულისხმობს კარანტინი? 

ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული. ასევე სამ მიმდებარე სოფელში ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთ ნაწილში შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. 

რა მოხდა?

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის თქმით, ერთსა და იმავე სოფელში ცოფის შემთხვევა სამჯერ გამოვლინდა.  როგორც ნატო ქარდავა, ამბობს ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და ცხოველებიც აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ – 27 დეკემბერს და 11 იანვარს გამოვლინდა. მისივე განმარტებით, ცოფი მსხვილფეხა -რქოსან პირუტყვში ტურის დაკბენის შედეგად გავრცელდა.

“ცხვირ-პირის მიდამოებში ჰქონდა ნაკბენი და ერთი თვის შემდეგ გამოვლინდა კლინიკური ჩვენება, აქედან რამდენიმე დღეში კი ცხოველი მოკვდა. ცხოველიდან ავიღეთ პათანატომიური მასალა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევით დადასტურდა დაავადება ცოფი.”

რას გულისხმობს ჯიხანჯურში დაწესებული კარანტინი?

ნატო ქარდავას განმარტებით, კარანტინი გულისხმობს, რომ მოსახლეობა შინაური ცხოველების ქცევას დააკვირდეს და რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს დაუკავშირდნენ. აკრძალულია ცხოველების ბაზრობის გამართვა, ნადირობა და ძაღლებისა და კატების გარეთ გაყვანა. ასევე, სოფელ ჯიხანჯურში და მის მიმდებარედ 2-3 კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში მიმდინარეობს იძულებით ვაქცინაცია( მსხვილფეხა- რქოსან პირუტყვში, ძაღლებსა და კატებში). 

როგორც ქარდავა ჩვენთან საუბრისას ამბობს იმ ოჯახებში, სადაც ცოფი დაფიქსირდა ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც. მისივე თქმით, მოსახლეობაში კარანტინი არასწორად იქნა აღქმული. მისი განმარტებით მოსახლეობას ჩვეულებრივ შეუძლია ხორც პროდუქტებისა და რძის ნაწარმის გამოყენება დუღილისა და პასტერიზაციის შემდეგ. მათ შორის აკრძალული არ არის არც პირუტყვის საძოვარზე გაყვანა.

რა რეკომენდაციებია ცოფის პრევენციისთვის? 

ნატო ქარდავას თქმით, ცოფის ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვა შინაური ცხოველების ვაქცინაციაა. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაშ თუ ადამიანს ინფიცირებულ ცხოველთან ექნება შეხება, ისიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება. სესის წარმომადგენელი მოსახლეობას შინაური პირუტყვის დაკვირვებას ურჩევს და საჭიროების შემთხვევაშ მათთან დაკავშრებისკენ ნმოუწოდებს. 

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ცოფს?

ცოფის დაავადების დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება. ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და  ინკუბაციური პერიოდი გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან წლამდე (ყველაზე ხშირად 3-6 კვირა). დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდგომ 2-10 დღეა, ცხოველს ბოლო სტადიაში უნვითარდება კიდურების, საყლაპავის დამბლა და კვდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin