ცოფის ახალი შემთხვევები ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დადასტურდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოში ადასტურებენ.

უწყების განმარტებით, სოფელ წყავროკაში ცოფის ვირუსით უსახლკარო ძაღლი მოკვდა, სოფელ ცხრაფონაში კი ადგილობრივებმა საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ტურის ლეში იპოვეს. პათანატომიური გამოკვლევის შედეგად ორივე შემთხვევაში ცოფის ვირუსი დადასტურდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ამ სოფლებში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე დაწყებულია, შინაური ცხოველების იძულებით ვაქცინაცია კი წყავროკასა და ცხრაფონას გარდა 2-3 კილომეტრში მდებარე მომიჯნავე დასახლებებშიც ხვალიდან იგეგმება. 

რამდენიმე დღის წინ ცოფის შემთხვევა დადასტურდა ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურშიც, სადაც დღემდე კარანტინი მოქმედებს.

რას გულისხმობს ჯიხანჯურში დაწესებული კარანტინი?

ნატო ქარდავას განმარტებით, კარანტინი გულისხმობს, რომ მოსახლეობა შინაური ცხოველების ქცევას დააკვირდეს და რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს დაუკავშირდნენ. აკრძალულია ცხოველების ბაზრობის გამართვა, ნადირობა და ძაღლებისა და კატების გარეთ გაყვანა. ასევე, სოფელ ჯიხანჯურში და მის მიმდებარედ 2-3 კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში მიმდინარეობს იძულებით ვაქცინაცია( მსხვილფეხა- რქოსან პირუტყვში, ძაღლებსა და კატებში). 

როგორც ქარდავა ჩვენთან საუბრისას ამბობს იმ ოჯახებში, სადაც ცოფი დაფიქსირდა ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც. მისივე თქმით, მოსახლეობაში კარანტინი არასწორად იქნა აღქმული. მისი განმარტებით მოსახლეობას ჩვეულებრივ შეუძლია ხორც პროდუქტებისა და რძის ნაწარმის გამოყენება დუღილისა და პასტერიზაციის შემდეგ. მათ შორის აკრძალული არ არის არც პირუტყვის საძოვარზე გაყვანა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin