ცენტრალურ ევროპაში ევროკავშირის ფერმერთა სუბსიდიებს პოლიტიკოსები ბოროტად იყენებენ – NYT

ცენტრალურ ევროპაში ქვეყნების სახელისუფლებო ძალები ევროკავშირის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკას (EU’s Common Agricultural Policy) საკუთარი ოჯახის წევრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების გასამდიდრებლად იყენებენ, – ინფორმაციას The New York Times-ი ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავლენიანმა გამოცემამ  სხვადასხვა მაგალითების შესწავლისას დაადგინა, რომ ამ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პროგრამებით გამოყოფილი თანხები მიემართება ისეთი კომპანიებისკენ, რომელთაც კავშირი აქვთ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებთან.

ევროკავშირის ბენეფიციართა შორისაა ჩეხეთის მილიარდერი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში. როგორც გამოცემა წერს, მისმა დაარსებულმა კომპანიამ, Agrofert-მა გასულ წელს, სუბსიდიის სახით, €37 მილიონი მიიღო. თავად ბაბიში აცხადებს, რომ კომპანია მის საკუთრებაში აღარაა და ინტერესთა კონფლიქტიც არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციები (მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – ჩეხეთი) ამტკიცებენ, რომ პროგრამების საბოლოო ბენეფიციარი მაინც პრემიერ-მინისტრია.

The New York Times-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შესახებაც წერს (ის ამ პოზიციაზე უკვე მესამე ვადითაა არჩეული). მასალის თანახმად, ორბანმა 1998-2002 წლებში ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე აუქციონის წესით გაყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 ფერმა. ერთ-ერთი მყიდველი მისი ბავშვობის მეგობარიც იყო. მიწების მფლობელებმა 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ევროკავშირისგან, სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, მილიონობით ევროს დახმარება მიიღეს.

ევროკავშირმა მხოლოდ 2018 წელს ფერმერების სუბსიდირებისთვის €59 მილიარდამდე დახარჯა.