ჩვენს მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ – მინისტრი

„კლიმატურად საკმაოდ რთული წელია; ამავდროულად, გვაქვს დიდი მოსავალი. შესაბამისად, ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, როგორც ყურძნის ხარისხის მიმართულებით, ისე სამინისტროსთვის, რომ რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, წელს გააკეთა გარკვეული ინტერვენციები.

იმისათვის, რომ ბაზარზე სიტუაცია დაბალანსდეს, მევენახეების ინტერესები იყოს დაცული და მათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონდეთ, ჩვენ სახელმწიფო კომპანიას „აკურა“ პირდაპირი შესყიდვების განხორციელების უფლება მივეცით.

„აკურა“ იბარებს ჭარბ ან, ხშირ შემთხვევაში, დაზიანებულ ყურძენს. შესაბამისად, ჩაბარების პრობლემა ჩვენს მევენახეებს არ ექნებათ “ – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

წელს კახეთში 250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ამან შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ღვინის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, სააგენტო მობილიზებულია, რომ მოსავალი არც ერთ გლეხს დაუბინავებელი არ დარჩეს. კონკრეტულად კი, შპს „აკურას“ საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვისა და რთველში ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით სახელმწიფო კრედიტის სახით 20 მილიონ ლარს გამოუყოფს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin