შინაური ცხოველები შინ! – ვეტერინართა ასოციაცია კორონავირუსის ადამიანიდან შინაურ ცხოველზე და პირიქით გადაცემას არ ადასტურებს

ვეტერინართა ასოციაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შინაურ ცხოველებზე COVID -19-ის გადაცემის ჯერ კიდევ დაუდასტურებელ შემთხვევებზე მედიის აქტიურობამ შინაურ ცხოველებს საფრთხე შეუქმნა.

„გუშინ კლინიკიდან გამოვედი და გარეთ ძაღლი შემხვდა. დავუყარე საჭმელი, ვიფიქრე, რომ ქუჩის ძაღლი იყო. არც საჭმელი ჭამა და მანქანას ყმუილით გამოეკიდა, რომ არ დამეტოვებინა. ბუნებრივია, სახლში მოვიყვანე. არც აგრესია გამოუხატავს და მივხვდი, რომ სოციალური ძაღლია, რომელიც ოჯახში გაიზარდა“ – ყვება საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი.

ვეტერინარი ფიქრობს, რომ შინაური ცხოველი სახლიდან გამოაგდეს და ამ ფაქტს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს, რომ თითქოს ცხოველებისგან კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია.

ბოლო დროს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში იწერება კორონავირუსით ცხოველების ინფიცირების ფაქტები. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში COVID-19 აღმოაჩნდა 4 წლის ვეფხვს, რომელსაც ვირუსი ერთ-ერთი თანამშრომლისგან გადაედო. მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადებით, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის ან პირიქით.

„ჯერ-ჯერობით, ვეფხვის შემთხვევაში კორონავირუსი არ არის დადასტურებული. შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება ჰქონდეს, თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ კორონავირუსი ჰქონდეს.

ცხადია, ვერ უგულებელვყოფთ ფაქტს, რომ კორონა ვირუსი ველური ცხოველებიდან მოდის. დადასტურებული არც ისაა, რომ იგი პანგოლინებიდან თუ ღამურებიდან წამოვიდა. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე შინაურ ცხოველებში დაავადების ადამიანზე გადადების არცერთი შემთხვევა დადასტურებულა“ – ამბობს ბიოლოგი, SEED საქართველოს დირექტორი ლევან ბუთხუზი.

ლევან ბუთხუზი ნაკლებად სახიფათოდ თვლის საქართველოში ველური ბუნების ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელების საშიშროებას. „სანადიროდ აღარავის სცალია, ამიტომ ამ კუთხით შედარებით უფრო დაცულები ვართ. თეორიულად, როგორც ვიცით, შესაძლებელია ვირუსი თერმულად დაუმუშავებული ნანადირევი ხორციდან გადმოვიდეს, ამიტომ თუ კარანტინის პირობებში, ველურ ბუნებასთან ადამიანს ნაკლები კავშირი ექნება, რისკი უფრო შემცირდება.

ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ეგზოტიკური გარეული ცხოველების ჭამას ადამიანი შეწყვეტს, ამიტომ მსგავსი ტიპის დაავადებები შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს“ – ამბობს ლევან ბუთხუზი.

მიკრობიოლოგი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მელაშვილის თქმით, მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში არ არის დაკონკრეტებული პირველად ტესტზე დაყრდნობით, მხოლოდ სიმპტომებით თუ მეორე ტესტის გაკეთების შემდეგ დგინდება ცხოველებზე კორონავირუსი. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო ვეტერინართა ასოციაცია ამ ფაქტებზე არაფერს წერს, ჯერ-ჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი.

„უნდა ჩატარდეს პირველადი ტესტი და მას შემდეგ მეორე ტესტითაც გადამოწმდეს, რათა დადგინდეს აქვთ თუ არა ცხოველებს ანტისხეულები. ზოგიერთ ტესტს კი 30%იანი ცდომილება აქვს. აუცილებელია, რომ ადამიანებმა პირველადი ინსტინქტებით არ იმოქმედონ და ამის გამო ცხოველები სახლებიდან არ გამოყარონ. არ შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრი გააგდო გარეთ, რადგან შეიძლება ვირუსი გადაიტანოს. ამჯერად, ვირუსის გადატანა ცხოველზე მეტად ადამიანს შეუძლია“ – ამბობს გიორგი მელაშვილი.

რა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, თუ შინაური ცხოველი გვყავს?

ბიოლოგი ლევან ბუთხუზის რჩევით ზუსტად იმავე რეკომენდაციებს უნდა დავემორჩილოთ, რაც ადამიანებზე ვცელდება.

  • არ შეიძლება შინაური ცხოველის გაშვება გარეთ მარტო გაშვება;
  • შესაძლებელია ძაღლთან ერთად ახლო დისტანციაში სეირნობა;
  • აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა;
  •  ვეცადოთ, რომ ძაღლებმა ქუჩაში არაფერი შეჭამონ და არ მოიტანონ რაიმე სახლში;
  • დავიცვათ ჩვეულებრივ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომელთაც აქამდეც ვიცავდით.

ლევან ბუთხუზი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, ცხოველები ჩვენთან დარჩნენ. მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არ აქვს და ღელვის ფონზე შინაური ცხოველები გარეთ არ უნდა გაყარონ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin