შეშისთვის და სამასალედ ხე-ტყეს სახელმწიფო დაამზადებს  

რა არის „საქმიანი ეზო“, განსაზღვრულია თუ არა მისი დანიშნულება საქართველოს კანონმდებლობით? როდის და რა ფორმით დაინერგება ხე-ტყის შეძენის ახალი პრაქტიკა საქართველოში?

ახალი „ტყის კოდექსის“ მიღების შემდეგ, ტყის მდგრადი მართვის მიზნით ახალი საკანონმდებლო საფუძვლები შეიქმნა. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა აგროგარემო TV-სთან საუბრისას აღნიშნა, ხარვეზი სოციალურ ჭრებში გამოიკვეთა – როდესაც მოსახლეობა თავად ამზადებს შეშას. მისი თქმით, ეს სამუშაოები საფრთხის შემცველია და ხშირ შემთხვევაში არალეგალურ საქმიანობასაც უკავშირდება. შესაბამისად, ხე-ტყით სარგებლობის პრაქტიკა შეიცვლება, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად ე.წ. „საქმიან ეზოებში“ არამარტო საშეშე, არამედ სამასალე მერქნის დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებასა და რეალიზებას განახორციელებს.

რას ვკითხულობთ კანონში? არსებობს თუ არა საკანონმდებლო რეგულაცია „საქმიან ეზოებთან“ დაკავშირებით?

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რას წარმოადგენს ე.წ. „საქმიანი ეზო“, როგორ და ვის მიერ იმართება იგი. მისი თქმით, ეს ორი სიტყვა „ტყის ახალ კოდექსში“ ორჯერ არის მოხსენიებული და მათ ფუნქციონირებაზე მხოლოდ ზეპირი საუბრებიდან ვიგებთ.

აგროგარემო TV-მ სააგენტოს კითხვით მიმართა, ტყის ახალი კოდექსის გარდა არსებობდა თუ არა სხვა აქტები, რომელიც „საქმიანი ეზოების“ ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას არეგულირებდა. მათი პასუხი უარყოფითი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დარგის სპეციალისტი საკანონმდებლო ბაზის ბუნდოვანებაზე საუბრობს, სააგენტო „საქმიანი ეზოების“ გახსნას მუნიციპალიტეტებში აქტიურად აგრძელებს და ამბობს, რომ ფუნქციონირებას მომავალი წლიდან დაიწყებენ, სრულად კი 2023 წლიდან ამოქმედდება.

რა გავლენას მოახდენს ახალი მიდგომები ტყითმოსარგებლეებზე?

გაძვირება თუ არა შეშა და რა რესურსების გამოყოფას აპირებს სააგენტო ფასის შესანარჩუნებლად?

ტყითმოსარგებლე ხშირად შეშას ახლომდებარე ლოკაციიდან მოიპოვებს, შესაძლებელია ტრანსპორტირებისთვის ურემიც გამოიყენოს და მჭრელის დაქირავება არ მოუწიოს. შესაბამისად, საინტერესოა, უზრუნველყოფს თუ არა „საქმიანი ეზოს“ სერვისი შეშის ტრანსპორტირებასაც?

„საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში და სოფელ ლისში. სამშენებლო სამუშაოები 11 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 ერთეული აშენდება. როგორც სააგენტოში ამბობენ, მათი სრული დატვირთვა და სერვისების მიწოდება მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.

როგორ სარგებლობს ხე-ტყით მოსახლეობა დღეს?

დღეს, საშეშე მერქანზე ხე-ტყის დამზადება ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ბილეთის საფუძველზე ხორციელდება. ნებართვის მისაღებად კი პირმა უნდა მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. თუმცა, როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი არალეგალურ საქმიანობასაც უკავშირდება. ამაზე საუბრობს აგროგარემო TV-ის დირექტორი ნუგზარ სუარიძეც. 

აგროგარემო TV-ში ტყის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით თებერვალში გადაცემა „პირდაპირ აგროგარემოში“ ისაუბრეს, სადაც არქივიდან გამოყენებულ მასალაში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი 2013 წელს აღნიშნავდა, რომ სატყეო სააგენტოს თავად უნდა ჰქონდეს ტყეში მეურნეობის წარმოების უფლება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 952 ფაქტი გამოვლინდა. „საქმიანი ეზოების“ მშენებლობა მუნიციპალიტეტებში წელს დაიწყო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin