ყურძნის შავი სიდამპლე და მასთან ბრძოლის მეთოდები

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფერმერებს ბიოვენახში ყურძნის შავ სიდამპლესთან საბრძოლველად ურჩევს, დაიცვან ვენახები მექანიკური დაზიანებებისგან. ასევე, დაავადებასთან ბრძოლისთვის ეფექტურია სპილენძის შემცველი არაორგანული ფუნგიციდებისა და ბიოპრეპარატების შესხურებაც. ყურძნის შავი სიდამპლე მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა რეგიონში შეინიშნება. ის უმთავრესად სიმწიფის პერიოდში ჩნდება და მცენარის თითქმის ყველა მწვანე ნაწილს აზიანებს. ფოთოლზე წარმოიქმნება ოდნავ ამობურცული მკვეთრი მოხაზულობის ბაცი მოყავისფრო ლაქები (1,5 სმ დიამეტრით), მათზე შესამჩნევია წვრილი შავი წერტილები, ასეთივე წერტილები ჩნდება სხვა დაავადებულ ორგანოებზეც. დაზიანებული ფოთლის ნაწილები ხმება, ხოლო მარცვლები მოშავო-იისფერს ღებულობს, ჭკნება და ხმება. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ყურძნის ჭია, მექანიკური დაზიანება და წვიმიანი ამინდი.