უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება – კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

“ამჯერად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება”, – კახა კალაძის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერული პროცესების განეიტრალების მიზნით, ყველა საჭირო სამუშაო ტარდება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

მერიაში ამბობენ, რომ მეწყერის გადაადგილების შესამცირებლად ფერდის ზედა ნაწილში ჩაცემენტების სამუშაოები მიმდინარეობს. 

“ამჯერად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. ზედა ნაწილში მიმდინარეობს ჩაცემენტება, მეწყრის გადაადგილების შესამცირებლად და ეწყობა დროებითი გზები, მომდევნო ეტაპზე მთელი რიგი ღონისძიებების გასატარებლად, რომელიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის სწრაფად აღსადგენად.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, მერიამ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად კვლევა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“-სგან შეისყიდა. მერის თქმით, კომპანიას მსგავს საქმიანობაში გამოცდილება აქვს და წყნეთი-ბეთანიის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაშიც აქვს მონაწილება მიღებული. 

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებს თბილისის მერი დადებითად აფასებს და ამბობს იმასაც, რომ“კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ” და მოსახლეობაში პანიკას თესავენ. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ასეთ ადამიანებს არ დაუჯერონ.

“სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომაროებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა”, – განაცხადა კალაძემ.

რას ამბობენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში?

ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება – ასე აფასებენ სეისმოლოგების და გეოლოგების ნაწილი ვაშლიჯვრის ფერდობზე მერიის განკარგულებით მიმდინარე სამუშაოებს.  

“რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ საქმიანობა არ ეფუძნება მონაცემებს, პარამეტრებს, რაც მეწყრის შესწავლის შედეგად უნდა იყოს მიღებული, ეს არის წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილება. კონკრეტული მონაცემები მეწყრის პარამეტრებზე, გადაადგილებაზე, ქცევაზე მის სიღრმეზე და სიჩქარეზე, როგორც ვიცით ჯერ არ აქვთ, ამიტომ რაზე დაყრდნობით იღებენ ამ გადაწყვეტილებას უცნობია. რისკი გაწიეს, რაც ჩვენი შეფასებით არასწორია” – ამბობს ჩვენთან საუბრისას საშა სუხიშვილი. 

ვაშლიჯვრის ფერდობზე მიმდინარე პროცესებს მერიის მოწვევით გერმანელი სპეციალისტებიც სწავლობენ. კახა კალაძე აცხადებდა, რომ პროცესში ჩართვა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო და ქართველ ექსპერტებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამდა. თუმცა  სეისმოლოგიის ცენტრში ამ თანამშრომლობის ხარვეზებზე საუბრობენ. 

“განცხადებას არ გასცდენია, უფრო მეტიც, როცა ფერდზე სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მიიღეს ჩვენი მონიტორინგის სისტემაც კი მოშალეს, ისე რომ ამის შესახებ გაფრთხილებულიც არ ვიყავით.” 

————————————————

ადგილზე, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.  მშენებლობისთვის 18 მილიონიანი ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა. ტენდერი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მოიგო და ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში 15 მილიონ ლარად გააფორმა.

წინასწარი შეფასებით მეწყრის პარამეტრები ასეთია: 

ხილული ფართობი 50 000 კვადრატული მეტრი;

სავარაუდო სიღრმე 9-18 მეტრი;

დაძრული მეწყრული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა 800 000 კუბური მეტრი.

მეწყერთან დაკავშირებით, გერმანელი ექსპერტების დასკვნები და შუალედური ანგარიში ჯერჯერობით უცნობია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin