სურსათი, რომელშიც საღებავი აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშების გერმანიის ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ, 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა, – ინფორმაციას Momxmarebeli.ge ავრცელებს და მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიირთვან იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

მართალია, არასაკვები საღებავები, უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს.

არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin