“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” პირველი ეტაპი დასრულდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში ჩატარებული კრებით დასრულდება. პროგრამის ფარგლებში, 3700 სოფლის მაცხოვრებელმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. დღეის მდგომარეობით, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა:

  • სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
  • სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა;
  • წყაროს მოპირკეთება;
  • საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა;
  • ხიდის შეკეთება;
  • გარე განათების მოწყობა;
  • სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა;
  • ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია;
  • გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა;
  • საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა;
  • სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

პროგრამის მეორე ეტაპი ითვალისწინებს შერჩეული პროექტების საკრებულოების მიერ განხილვასა და 1 აპრილამდე დამტკიცებას. დამტკიცებულ პროექტებზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება. თუ 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ვერ განაწილდება, დარჩენილი თანხა დაუბრუნდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1 იანვრიდან აღდგა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin