სირაქლემებისა და ფარშავანგების უჩვეულო ფერმა მარტვილში

ბიზნესმენი ლევან ფაღავა თბილისში დაიბადა, თუმცა მისი ფესვები სამეგრელოს უკავშირდება. მისი წინაპრები მარტვილის რაიონში ცხოვრობდნენ. ოჯახი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა და მათ შთამომავლებს რაიონის დატოვება მოუხდათ. დაკარგეს ყველაფერი, რაც მშობლიურ მიწასთან აკავშირებდათ. თუმცა წლების შემდეგ ლევან ფაღავამ მოიძია ინფორმაცია წინაპრების, საკუთარი რაიონის შესახებ და გადაწყვიტა მშობლიურ ფესვებს დაბრუნებოდა. აქ შეიძინა მიწის ნაკვეთი და მეფრინველეობას მიჰყო ხელი. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ლევანის ძალისხმევით შუაგულ მარტვილში სხვა დეკორატიულ ფრინველებთან ერთად სირაქლემებიც დასეირნობენ.

– დღეს ჩემი დროის ნახევარს მარტვილში ვატარებ, ნახევარს თბილისში. დაახლოებით სამი წლის წინ არქივიდან მოვიძიე ინფორმაცია. ჩემი წინაპრების ოჯახი რეპრესირებულია. ჩემი დიდი ბაბუის მშობლები დახვრიტეს, როცა ის იყო 14 წლის. ამის გამო ის გაიზარდა თბილისში. შესაბამისად მარტვილში ყველაფერი ჩამოართვეს და დაიკარგა. ბაბუაჩემის მამაც ციხეში გარდაიცვალა. ბაბუაჩემი ნაყოფიც არ იყო თავის მიწა-წყალზე. შესაბამისად შევეცადე არქივში მომეძიებინა ინფორმაცია და მივაგენი კიდეც იმ სოფელს, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ვნახე ტაძრის ჩავაწერები, სადაც ჩემი წინაპრები მოინათლნენ, ჯვარი დაიწერეს და ა.შ. ამის შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორმა შევიძინეთ აქ მიწა და დავიწყეთ ფერმის მიმართულებით მუშაობა.

– რაც შეეხება დეკორატიულ ფრინველებს, როგორ გაჩნდა მათი გამრავლების იდეა?

– ფარშავანგების, ხოხბების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. საბედნიეროდ, დაემთხვა, რომ მივაგენი ამ მიწას და აქ გადავწყვიტეთ მეფრინველეობის დაწყება.

– სირაქლემები როგორ გაჩნდნენ თქვენს ფერმაში?

– თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნიდან შევიძინეთ კვერცხი. თუ კი სადმე ხელი მიმიწვდებოდა, ვინმესთვის შემეძლო დამებარებინა, ყველას ჩამოვატანინე კვერცხი. არც ვარკვევდით საინკუბაციო იყო კვერცხი, თუ არა. უბრალოდ მინდოდა, რაც შეიძლება მეტი კვერცხი გქვონოდა და სასურველი შედეგი მიგვეღო – ძალიან დაბალი პროცენტულობით გამოგვეჩეკა. ინკუბატორი კი გვქონდა შესაბამისი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კვერცხების ნაწილი არ იყო საინკუბაციო, ძალიან ცოტა გამოიჩეკა. არც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გვქონდა, არც კავშირები გაგვაჩნდა. სულ პირველად ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ. 12 კვერცხი გამოიჩეკა და მხოლოდ ორი გაიზარდა. შემდეგ, კიდევ ბევრი წვალების მერე გამოიჩეკა სირაქლემები და მხოლოდ 17 მივიყვანეთ ზრდასრულ ასაკამდე.

– როგორი კვება და პირობები სჭირდება სირაქლემას?

– ძირითადი საკითხია კვება. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიყავით მზად და გზადაგზა შევისწავლეთ ყველაფერი. საქართველოში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა სირაქლემებთან დაკავშირებით და ყველაფერს საკუთარი პრაქტიკით მივაღწიეთ. ასევე საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა ფერმიდან გაგვიზიარეს გამოცდილება და ასე მივიღეთ საჭირო ინფორმაცია.

– ამჟამად რამდენი სირაქლება გყავთ?

– დღეს გვყავს შვიდი ზრდასრული და ცხრა მოზარდი სირაქლემა.

– სირაქლემების გარდა რომელი ფრინველები ბინადრობენ თქვენს ფერმაში?

– ოთხი სახეობის ფარშავანგი გვყავს, ათი სახეობის ხოხობი, 27 სახეობა დეკორატიული ქათმები.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოში მეფრინველეობა რამდენად შემოსავლიანი და სარფიანია?

–  დღეს ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სამი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ აქამდე ძირითადად ვყიდულობდით, ვიდრე ვყიდდით. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც დავაკომპლექტეთ ოჯახები და დავიწყებთ გაყიდვას. ჯერჯერობით ბაზარი შეასასწავლი გვაქვს და ვნახავთ რაზე იქნება მოთხოვნა.

– სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ რაიმე ხელშეწყობა, დაფინანსება?
– სამი თვის წინ ავიღე სესხი, ესტონეთიდან შემოვიყვანეთ ძროხები ჰოლშტაინის ჯიშის. სესხის პროცენტის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან გვქონდა დახმარება.

– ადგილობრივები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?
– ძალიან მოსწონთ და ხშირად გვახარებენ, მოდიან სანახავად. განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს. ასევე, მომავალში ვგეგმავთ სტუმრების, ტურისტების მიღებას.

წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმ გეგმების შესრულება, რასაც ახლა ვისახავთ მიზნად, არც ისე მარტივია. პირველ რიგში, წელს გვინდა მოვასწროთ ინფრასტუქტურის მოწესრიგება, რათა უფრო ღირსეულად მივიღოთ სტუმრები. ახლა როცა წვიმს, ტალახი ძალიან გვიშლის ხელს, ამიტომ გვინდა გავაკეთოთ ბილიკები, რომ სტუმარს დისკომფორტი არ შეექმნას და მშვიდად დაათვალიეროს აქურობა. ასევე, ვფიქრობთ კონტაქტური ზოოპარკის გაკეთებას. ამასთან, ძალიან გვინდა ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ ადგილბრივი, ნატურალური პროდუქტი, ეს იქნება ყველი, კვერცხი თუ სხვა. ალბათ უფრო მაისისკენ მოხერხდება და ღია ტიპის რესტორანს გავაკეთებთ.


წყარო: shin.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin