სეს: გაურკვეველი წარმომავლობის 64 კილოგრამი ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. როგორც სეს წერს, შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin