სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია – ნამახვანჰესზე მომუშავე NGO-ები

“მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია ” – ამ შინაარსით განცხადებას ნამახვაჰესის საკითხზე მომუშავე 3 ორგანიზაცია (სოციალური სამართლიანობის ცენტრი -ყოფილი EMC, საია და მწვანე ალტერნატივა) ავრცელებს. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის, „ენკას“ მხრიდან ბოლო პერიოდში ადგილი აქვს „დეზინფორმაციულ და მადისკრედიტირებელ შეტევებს აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ“.

“ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ. სახელმწიფოსა და სხვა აქტორების ამგვარი რიტორიკა ცხადად ემსახურება იმ პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობას, რომელიც თავისი არსით სწორედ სახელმწიფო და კოლექტიური ინტერესების დაცვისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ააშკარავებს ეროვნული და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს მთავრობისა და კომპანიის მხრიდან.” – ვკითხულობთ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი წუხილი და პროტესტი მშენებლობის დაწყებამდე ნამახვანჰესების პროექტის გაუმჭირვალედ შემუშავება/განხორციელებას ეფუძნება. 

“ნამახვანჰესების პროექტის მომზადება, მათ შორის, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ასევე საზოგადოებისთვის ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც ცხადს ხდის სახელმწიფოს მიერ ეროვნული და კოლექტიური ინტერესების დათმობას კერძო კომპანიის სასარგებლოდ. ასევე, მთავრობის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მაგალითად, კომპანიისთვის მიწის რესურსებზე უფლებების გადაცემა, წინსწრებით – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა (ნებართვის) და მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, მოხდა.” – წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციების თქმით, ერთ წელზე მეტია, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი, თუმცა, დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.

მთავრობისგან საპასუხო კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

——————————————————

ენკას და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისგანცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე:

როგორც საზოგადოება ხედავს, ამჯერად ამ ორგანიზაციის მთავარი სამიზნე ნამახვანჰესის პროექტია, რომელიც ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს. ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა მჭიდრო კავშირში იმყოფება და მონაწილეობს რიონის გუშაგებად წოდებულ პროტესტში და მანიპულირებს ადგილობრივი აქტივისტებით. მისი ეს საქმიანობა და როლი შეუმჩნეველი არ არის. კომპანია ენკა აუცილებლად დაიცავს თავის საქმიან რეპუტაციასა და ავტორიტეტულ პროფილს მსგავსი სუბიექტების შემოტევისგან.

6 აპრილს განცხადება გაავრცელა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა. განცხადების თანახმად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ „ნამახვანი ჰესის” პროექტის კონკურსთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლო, მცდარი და ლოგიკას მოკლებულია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin