საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელთაც ასევე „ევრაზიის ამაზონიას“ ეძახიან, ზომიერი ფოთლოვანი და შერეული ტყეების ეკო-რეგიონია, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და რელიქტური და ენდემური სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამყინვარების ხანაში, ამ უნიკალურმა რეგიონმა მცენარეთა სითბოს მოყვარული სახეობები შეიფარა და გადაშენებას გადაარჩინა.

„კოლხური ტყეები გამყინვარების პერიოდსაც კი გადაურჩნენ. დღეს, შესაძლებლობა გვაქვს, აღფრთოვანებით გავეცნოთ ამ გასაოცარ ბუნებრივ ძეგლს, რომელიც 15,000 წელს ითვლის. მისი შენარჩუნება და დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ეკოსისტემის სერვისების ინტეგრირებას და ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალი მოდელებისა და მიდგომების დანერგვას“, – განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოში, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოსისტემა დაცულია კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე. საქართველომ UNESCO-ს კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანის შესახებ ოფიციალურად 2019 წელს მიმართა. UNESCO-ს გადაწყვეტილება კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის შესახებ საჯაროდ ცნობილი 27 ივლისს გახდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin