სასამართლომ ნამახვანჰესის კომპანია “ენკა” 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია-ENKA გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვს.

საიას განმარტებით, კომპანია ენკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა, რაც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას.

მარიტა მუსელიანის თქმით, ჯარიმით განსაზღვრული 5 ათასი ლარი ცოტაა, თუმცა, ფაქტის აღიარება, რომ ენკა დარღვევებით მუშაობს კომპანიის რეპუტაციაზე ცუდად აისახება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესს, ისევე როგორც წინა სხდომას ინვესტორი კომპანია ენკა არ დასწრებია.

“ნამოხვანის ჰესების კასკადის  მშენებარე კომპანიამ სასამართლოს მიმართ გამოიჩინა უპატივცემულობა,  საქმის განხილვისას არც ერთხელ არ გამოცხადდა   პროცესზე და   არ წარადგინა სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. ” – წერს საია განცხადებაში.

სასამართლო პროცესის პარალელურად, ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აქციას მართავდნენ. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებზლს“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 15 პირობა შესრულებული არ ჰქონდა, თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებისთვის ცნობილი 4 თვის შემდეგ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე გახდა. 


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin