სასამართლომ ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობა არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარის ტერიტორიაზე 19 სართულიანი სასტუმროს “ამბასადორის” მშენებლობის შეჩერების თაობაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. – ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ( ყოფილი EMC) ავრცელებს. 

ორგანიზაციის განმარტებით, “ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი”.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიღებულ განჩინების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

“ამბასადორი ბათუმის“ ტერიტორიაზე უკვე მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროისთვის ძეგლისთვის დასაშვებ პარამეტრებზე უკვე 6 სართულით მეტია აშენებული” – აღნიშნავს ორგანიზაცია. 

თავდაპირველი ნებართვით, კომპანიას ამ ადგილზე ოთხსართულიანი შენობა უნდა აეგო და მას ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.

ბულვარში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია აპროტესტებს. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია ამბასადორი ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin