კახეთში დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ატამი და ვაშლატამა იკრიფება – სამინისტრო

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მიმდინარეობს.