საკლუბო სცენისა და ელექტრონული მუსიკის ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

საიჯარო ხელშეკრულებების, კომუნალური გადასახადების, შემოქმედებითი თანამშრომლების ჰონორარებისა და გაზაფხულზე სწრაფი ტესტირებების აპარატების სუბსიდირება – საკლუბო სცენისა და ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დღეს ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინეს და ერთობლივი განცხადება გააკეთეს. “კლუბები და ფესტივალები მხოლოდ გართობა არ არის, მის უკან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელსაც დახმარება სჭირდება” – ამბობს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენელი.

“მაისიდან დაწყებული თითქმის ყველა იხდის იჯარას, მიუხედავად იმისა, რომ დაკეტილები არიან. ყველა ყველაფერს ყიდის უკვე იმიტომ, რომ სხვანაირად ვეღარ ინარჩუნებენ ბიზნესს. თუ ისე მოხდა, რომ მათ დაკარგეს სივრცეები, ხდება პერსონალური ბინების ჩამორთმევა, რადგან თითქმის ყველას სესხი კერძო ბინებით არის გამყარებული ბანკებში. იანვრიდან შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომ რომელიმე კლუბმა დაკარგოს იჯარა, მისმა მფლობელმა კი სახლი. ეს შეიძლება საკმაოდ მასიური იყოს – ამბობს დავით ლეჟავა.

დღევანდელი განცხადების შესახებ ბრიფინგზე შეკითხვა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს დაუსვეს. ბექა ფერაძემ თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

“ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსგავსი ტიპის დაწესებულებები მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მეტი საშუალება არ აქვს საკოორდინაციო საბჭოს” – ამბობს ბექა ფერაძე. 

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო სფერო დაახლოებით 10 თვეა დაკეტილია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin