საეჭვო ტენდერში გაფლანგული 37.8 ათასი ლარი თელავში – აუდიტის დასკვნა

საეჭვო ტენდერში გაფლანგული 37.8 ათასი ლარი თელავში

არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსის გამო თელავის მუნიციპალიტეტის ხარჯი 37.8 ათასი ლარით გაიზარდა – ამ დასკვნას აუდიტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიში ვკითხულობთ. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ ტენდერში დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. 

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს სხვა დარღვევებზეც:

ქონების მართვა და განკარგვა

აუდიტის თანახმად, 2018-2019 წლებში 7 ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. უწყებაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში 224,844 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა თვითნებურადაა დაკავებული.

რესტორნები და საჩუქრები

2018-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურებაზე 161.1 ათასი ლარი დახარჯა. აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დელეგაციასა და ჯგუფებს კვების ობიექტებში თვეში საშუალოდ 5-ჯერ მასპინძლობდა. 

ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტმა 28 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები შეიძინა. როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მუნიციპალიტეტმა ხარჯების მიზნობრიობისა და დასაბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ წარმოადგინა. 

საწვავი

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტმა ჯამში 313.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი მოიხმარა. აუდიტის შედეგად 61 ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ავტომობილში მისი ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაისხა. 

“წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 4435 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ჩიპი“ მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე.” – ვკითხულობთ ანგარიშში. 

ეთანხმებიან თუ არა აუდიტის დასკვნებს კითხვებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და დაგვიკავშირდებიან.

აგროგარემო TV მასალა პასუხის გამოგზავნის შემდეგ განაახლებს. 

განახლება: მიუხედავად დაპირებისა, მერიას ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გამოუგზავნია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin