სად მიდის გამოყენებული ზეთი კვების ობიექტებიდან და როგორ ხვდება ის კვლავ ადამიანის ორგანიზმში?

გამოყენებული საკვები ზეთი მეორედ მოხმარებისთვის უვარგისია და მისი მრავალჯერადი გამოყენება სხვადასხვა დაავადებებს, – მათ შორის სიმსივნესაც იწვევს. საქართველოში, კვების არაერთი ობიექტი ზეთს მრავალჯერადად მოიხმარს. ის ობიექტებიც კი, სადაც ერთხელ გამოყენებული ზეთით საკვები აღარ მზადდება, – შესაძლოა გახდნენ მიზეზი იმისა, რომ მეორადი ცხიმი კვლავ ადამიანების ორგანიზმში აღმოჩნდეს.

  • როგორ ხვდება კვების ობიექტებიდან გატანილი, მოხმარებული ზეთი კვლავ ჩვენს ორგანიზმში?

კვების ობიექტების ნაწილი მოხმარებულ ზეთს სპეციალურ ყუთებში ასხამს. ხშირ შემთხვევაში, მეორადი ცხიმი ცხოველების ან ფრინველების საკვების (კორმის) მწარმოებლებს, ან თავად ფერმერებს მიაქვთ და მას საკვებში ამატებენ. ამის შემდეგ, მომწამვლელი ზეთი შინაური ცხოველებისა და ფრინველების ორგანიზმში ხვდება, მათი დაკვლისა და ხორცის დახლებზე აღმოჩენის შემდეგ კი – მავნე ნივთიერება მაინც ადამიანის ორგანიზმამდე აღწევს.

საქართველოში მოქმედი ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, მეორადი მოხმარების ზეთის უტილიზაცია სავალდებულოა, თუმცა ზუსტად არაა გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე JRC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რესტორნების უმეტესობა ამ ზეთს საკანალიზაციო მილში არ ღვრის, რადგან ბლანტი სითხე მილებს ბიდნავს.

„ეს ობიექტები ზეთს აძლევენ მეწარმეებს, რიგ შემთხვევაში ფერმერებს, რომლებიც ამ ზეთს პირუტყვის საკვებში ურევენ. საბოლოოდ კი, ცხოველით ან ფრინველით, რომელიც ამ ზეთის შემცველი საკვებით გაიზარდა, ისევ ადამიანები იკვებებიან. საქართველოში 3-15 წლის ბავშვებში სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ხორცი და თევზია. ამ შემთხვევაში, გვაქვს ასეთი არჩევანი – სიკვდილი ან ჯანმრთელობა და სიცოცხლე“ – ამბობს ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, ეს პრობლემა კომპანია „ფრეგოსა“ და „ბიოდიზელი ჯორჯიას“ წარმომადგენლება მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბიო საწვავის წარმოებისთვის ერთ-ერთი საჭირო ნედლეულის, მცენარეული ცხიმის მისაღებად კვების ობიექტების შესწავლა დაიწყეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ ობიექტები მეორად ცხიმს კორმის მწარმოებლებზე და ფერმერებზე გასცემდნენ. ნინო ზამბახიძის თქმით, ფერმერთა ასოციაცია და მასში შემავალი ასოციაციები, „ფრეგოსა“ და „ბიოდიზელი ჯორჯიასთან“, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კამპანიის წარმოებას გეგმავენ, რომლის მიზანიც, ნარჩენების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლებაა.

„შეიძლება, კონკრეტულ ადამიანებს, ფერმერებს ხელი არ დავადოთ, რადგან შესაძლოა, ისინი ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. მათთვის, ახალი ზეთის შეძენასა და მოხმარებასთან შედარებით, გამოყენებული ზეთის რესტორნებიდან  წაღება და გამოყენება უფრო ხელსაყრელია.  ჩვენ ცნობიერების გაზრდის გზით უნდა შევძლოთ კეთილსინსინდისიერების ამაღლება. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების დამცველთა პრეროგატივაა, დახლზე მოხვედრამდე, შემოწმდეს პროდუქტის ხარისხი. ამასთან, ვგეგმავთ, ცვლილება საკანონმდებლო დონეზე განხორციელდეს“ – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია კი აღნიშნავს, რომ მოხმარებული საკვები ზეთის შემდგომი გადამუშავება მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვისაა დასაშვები. მისივე თქმით, „ბიოდიზელი ჯორჯიასთვის“,  როგორც ბიო საწვავის მწარმოებელი კომპანიისთვის, მეორადი ზეთი არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი ნედლეულია.

„ჩვენ საქართველოში არსებულ კვების მსხვილ ობიექტებთან ვპარტნიორობთ, მათ შორისა Mc Donald’s-იც. ესაა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც ჩვენამდეც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბიო საწვავის წარმოება ჯერ დაწყებული არ იყო, ამ ზეთს საზღვარგარეთ გზავნიდა.

საუკეთესო ევროპული პრაქტიკა ასეთია, – მას მხოლოდ ბიო საწვავის წარმოებისთვის იყენებენ. საქართველოში დაახლოებით 3000 კვების ობიექტია, რომელთა ნაწილიც ე.წ. „შავ ბაზარზე“ ყიდის ამ ზეთს. ნაწილი კი, აცნობიერებს იმ საფრთეს, რასაც ამ ცხიმის შემცველი საკვები იწვევს. ცალსახაა, რომ ეს ზეთი კარცეროგენი და საწამლავია. ჩვენ შევხვდით ონკოლოგებს, პედიატრებს და აღმოვაჩინეთ, რომ საფრთხე ძალიან სერიოზულია. ცხადია, ამ ინფორმაციას ვუზიარებთ სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორს, ფერმერებს და ა.შ.“  – ამბობს მურმან პატარაია.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა კვების ობიექტების მეპატრონეები რაიმე ფინანსურ სარგებელს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულ ზეთს ბიო დიზელის მწარმოებელ კომპანიას ჩააბარებენ, მურმან პატარაია გვპასუხობს, რომ ამ თემაზე საუბრისას ვაჭრობა მიუღებელია.

„როგორც კომპანიისთვის, ეს ნედლეული ჩვენთვის იმდენად მწირია, რომ არანაირი ეკონომიკური მოგება არ აქვს. ჩვენ ჩვენი ნედლეული უკვე დივერსიფირებული გვაქვს, – ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, ნაწილი კი საქართველოშია. ასე რომ, ნედლეულის საკითხში, ვაჭრობასა და აღებ-მიცემობას არ ვიწყებთ. არ ვაპირებთ ამ პროცესში შესვლას, რადგან მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, ამ ნარჩენის მართვაა მნიშვნელოვანი. ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში ბიო დიზელი იწარმოება და გამოყენებული ზეთის ჩაბარება შეიძლება. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდმა“ ამ თემის პოპულარიზაციისთვის კამპანიაც წამოიწყო“ – აღნიშნა  მურმან პატარაიამ.

საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის 10000-მდე შემთხვევა აღინიშნება. შემთხვევათა ნაწილი არაჯანსაღი საკვებითაა გამოწვეული. მოხმარებული საკვები ზეთი შეიცავს ტოქსიკურ ნივთერებებს, პოლიციკლურ ნივთერებებს ( I კლასის კანცეროგენებს), სხვადასხვა ტიპის მუტაგენებსა და ტოქსინებს. საერთაშორისო სამედიცინო კვლებით დამტკიცებულია, რომ მოხმარებული საკვები ზეთი ონკოლოგიური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, რეპროდუქციული, ენდოკრინული სისტემების პათოლოგიების, აგრეთვე დიაბეტისა და ჭარბი წონის გამშვები მექანიზმია. ეს უკანასკნელი კი,  სხვა დაავადებებისთვის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin