როგორ გამოვიყვანოთ და გადავრგოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ჩითილი? – აგრო რჩევები

ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოჰყავთ, თუმცა მისი მოშენება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის საშუალებითაც შეიძლება.

საქართველოში ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალი შეიძლება მოვიყვანოთ 2–ჯერ. პირველი მოსავლის მიღების მიზნით დაცულ გრუნტში თესლი უნდა დავთესოთ კასეტებში იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში. მარტის ბოლოს 35–40 დღიანი ჩითილი უნდა გადავრგოთ  ღია გრუნტში მუდმივ ადგილზე მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთაშორის 25-30 სმ.

ირგვება ზოლებრივადაც, ოთხმწკრივიანი, ან ექვსმწკრივიანი ზოლი.

მეორე მოსავლის მიღების მიზნით მაისის ბოლოს თესლი უნდა დავთესოთ ღია საჩითილე კვალში და ივლისის შუა რიცხვებში გადავიტანოთ მუდმივ ადგილზე.

ღია საჩითილე კვალი დარგვის წინ აუცილებლად ჭარბად უნდა მოვრწყათ, რათა ამოღებისას ფესვები ნაკლებად დაზიანდეს. ჩითილის დარგვა ხდება ხელით და სარგავი მანქანით. მცენარეები ირგვება პირველ ფოთლამდე და აუცილებლად უნდა მოირწყას.

ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში. ყვავილოვან კომბოსტოს მოყვანა სხვა კომბოსტოსნაირ სახეობებთან შედარებით რთულია.

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით. ყვავილოვან კომბოსტოს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ ის საუკეთესო საკვებია კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის, პრაქტიკულად არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. საკვებად მისი ფოთლებიც კი გამოიყენება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin