როგორია მდგრადი ქალაქი, რომელსაც ქმნიან მოქალაქეები – მოქალაქეებისთვის?

Covid 19-ის პანდემიამ ქალაქებსა და მუნიციპალურ სამსახურებს ახალი გამოწვევები შეუქმნა – CEE Bankwatch Network მდგრად ინკლუზიურ ქალაქებთან დაკავშირებით ინფოგრაფიკას აქვეყნებს.

CEE Bankwatch Network 16 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორისაა საქართველოც. ორგანიზაციამ პანდემიის დროს ქალაქის დაგეგმარების საკითხები შეისწავლა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. 


CEE Bankwatch Network-ის წევრი ქვეყნები

ხელახლა უნდა დაიგეგმოს გადაადგილების მარშრუტები, წყლის მომარაგება, სანიტარული და სხვა სერვისები, მაგალითად, ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით – ვკითხულობთ ინფოგრაფიკაზე. პანდემია უკეთესი ინფრასტრუქტურისა და სერვისების მშენებლობის შესაძლებლობა შეიძლება იყოს. ამის მისაღწევად კი ქალაქების მმართველებმა უნდა მოუსმინონ მოქალაქეებს – რა სჭირდებათ და როგორი მომავალი სურთ მათ.

რომელ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი ცვლილებების დანერგვამდე?

გაიზრდება გათბობის გადასახადი? შეძლებენ მის გადახდას დაუცველი ოჯახები?

დააბრკოლებს თუ არა სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივ მცირე ბიზნესს? თუ კი – რამდენი ხნით?

მეტროს მატარებელი უფრო სუფთა იქნება და უფრო ხშირად ივლის?

იგრძნობენ თუ არა თავს უსაფრთხოდ გოგოები და ქალები პიკის საათში, ან ღამით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ამ კითხვებზე საპასუხოდ, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას, ინვესტორებსა და მოქალაქეებს სწორი და ობიექტური ინფორმაცია სჭირდებათ. CEE Bankwatch Network წერს, რომ ამ პრობლემების მოგვარებას მუნიციპალური ექსპერტის კაბინეტში გამოკეტილი 2000 გვერდიანი დოკუმენტი და ქალაქის მერის მიერ გადაჭრილი ლენტის ფოტოს ტვიტერზე დაპოსტვა საკმარისი არ იქნება. მათი თქმით, მოსახლეობამ ქალაქის მთავრობისა და ბანკების გადაწყვეტილებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მოქალაქეთა მოსაზრებები თუ შეშფოთება უნდა გაითვალისწინონ როგორც დაგეგმვის, ასევე თანხის გამოყოფისა და პროექტების განხორციელების დროს. ასევე, ქალაქის მთავრობამ მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ადვილად გასაგები ინფორმაცია მოსალოდნელი პროექტების შესახებ და მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის აღსადგენად გამოყოფილი თანხების ხარჯვაში.

წყარო: bankwatch.org

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin