როგორია ბამბუკის აგროტექნიკა? – აგრო რჩევები

ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში კი საუკეთესო საყრდენია.

ბამბუკის გასაშენებლად ვარგისია, როგორც დაბლობი განსაკუთრებით მდინარეებისა და ღელის პირა ნაფენები, ასევე ბორცვიან გორაკოვანი ადგილები, ხევები და ტენიანი ხეობები.

ბამბუკი კარგად იზრდება ჰუმუსით მდიდარ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე, ასევე ვაკე ადგილებზე განლაგებულ სუსტ, საშუალო ეწერ და ალუვიურ ნიადაგებზე. იგი კარგად ხარობს სუსტ მჟავე ნეიტრალური რეაქციის ნაკვეთებზე.

დასავლეთ საქართველოში ბამბუკი შესაძლებელია გაშენდეს ზღვის დონიდან 400-500მ. სიმაღლეზე.

ნაკვეთების შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ცივი და ცხელი ქარების მოქმედების მიმართულება და ინტენსივობა. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია ქარსაფარი ზოლების მოწყობა. ვაკე და 10°-მდე დაქანების ფერდობებზე რეკომენდირებულია ნიადაგის მთლიანი დამუშავება 35 სმ სიღრმეზე ფენების აურევლად. 10° დან 20°-მდე დაქანებულ ფერდობებზე ხდება ნიადაგის ზოლებრივი დამუშავება. 20°-ზე დაქანების ფერდობებზე ბამბუკის დასარგავად საჭიროა ერთი მეტრის სიგანისა და 35-40 სმ სიღრმის ორმოების ამოღება.

დამუშავების საუკეთესო ვადაა 1 ნოემბრიდან 15 თებერვლამდე. დღემდე ბამბუკის ახალი პლანტაციების გაშენება ტარდება არსებული სამრეწველო პლანტაციებიდან ახალგაზრდა ნერგების გადარგვის გზით, სწორედ ამის შედეგია ამჟამად არსებული ნარგაობის სიჭრელე და გადარგული ნერგების გახარების დაბალი პროცენტული მაჩვენებლები.

ბამბუკი, როგორც წესი მრავლდება თესლით ანუ გენერაციული და ვეგეტატიური გზით. თესლით გამრავლება პრაქტიკულად რთულია, რადგან ბამბუკი იშვიათად ყვავილობს. ასევე დაბალია თესლის აღმოცენების უნარი. სამრეწველო ნარგაობის გაშენების ყველაზე ეფექტური გზა არის ვეგეტატიური გამრავლება. სანერგიდან აღებული ერთ ან ორწლიანი ნერგებით ან ფესურებით.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin