რიკოთის ჩქაროსნული მაგიტრალი და ადგილობრივი მოსახლეობა

“სახლში, სადაც  წლების  განმავლობაში ცხოვრობდი, უნდა დაანგრიო, თანაც შენივე  ხელით. ამ ყველაფერს კი, რაც დრო გადის უფრო და უფრო იაზრებ“  აღნიშნავს, სოფელ ხევში მცხოვრები ეკა ხაჩიძე. მის ოჯახს 2021 წელს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო, საცხოვრებელი სახლის  დატოვება მოუწია. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის  მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური სარგებლიანობის გარდა,  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების თავიდან დაწყების მიზეზიც გახდა.  თუმცა,  ეკა ხაჩიძის ოჯახისთვის ეს პროცესი  საკმაოდ რთული და დროში გაწელილი აღმოჩნდა. კონტრაქტორ კომპანიასა და მათ შორის მოლაპარაკებები ერთ წელს გაგრძელდა, რადგან  “ჩინურმა კომპანიამ  ის გზა დაანგრია, სადაც  ახალი სახლის ასაშენებლად  ნაკვეთი გვქონდა” (ეკა ხაჩიძე).  

ეკას ოჯახს კომპენსაციის სახით 108 ათასი ლარი გადაუხადეს (თანხის ღირებულებაში შედის 341,99კვ/მ სახლი, 1360კვ/მ მიწის ნაკვეთი ეზოს სახით). “აუდიტმა  შეაფასა ყველაფერი  და განხილვაში არც ყოფილა გაწყობს თუ, არა (პირობები), არა მაგას ვინ კითხულობდა” აღნიშნავს, ეკა ხაჩიძე. როგორც  იგი გვეუბნება, მშენებელი    კომპანია   მოლაპარაკების პირობების მისაღებად ოჯახს რამდენიმე არგუმენტს წარუდგენდა: 1)  მათთვის შეთავაზებული თანხა  საკმარისი იყო  ახალი სახლის ასაშენებლად  და ცხოვრების ხელთავიდან დასაწყებად. “მათი (კონტრაქტორი კომპანიის) პოლიტიკა ასეთი იყო: ამ თანხით ქალაქშიც იყიდით სახლს და სოფელშიც ააშენებთო” (ეკა ხაჩიძე),  2) ასევე, ძველი სახლის ნანგრევების გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა  ახლის ასაშენებლად, 3)  ოჯახს შეთავაზებულ პირობებზე დათანხმებას, როგორც   სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებას, ისე განუმარტავდნენ, ვინაიდან ქვეყნისთვის ამ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს. დროში გაწელილი მოლაპარაკებების შედეგად, მათ სახლის ვადაზე გვიან დატოვება მოუწიათ, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან მცირედი  ჯარიმაც კი დაეკისრათ. ეკას თქმით, მართალია, მოლაპარაკებების პირობებს   არ ეთანხმებოდნენ თუმცა, სასამართლოში დავა გადაიფიქრეს, რადგან მისი ოჯახისთვის, ეს ერთი წელი ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელი აღმოჩნდა  და  ობიექტურობის იმედიც არ ჰქონდათ.  

ეკა  გვეუბნება, რომ  ყველაფრის მიუხედავად, დღეს ცდილობენ მათი ახალი სახლი ძველს დაამსგავსონ, რადგან  უფრო მარტივად გაუმკლავდნენ საცხოვრებლის ცვლილებით შექმნილი პრობლემებს.  “ჩვენი ახალი სახლი ჯერ კიდევ საკეთებელია ამიტომ, ძველი სახლიდან ყოველ დეტალს ვიხსენებთ, რათა   ის სიყვარული, რაც მასთან  გვაკავშირებდა ბოლომდე არ დავკარგოთ”.  Როგორც იგი აღნიშნავს, მათ მაგისტრალის მშენებლობის გამო, გარკვეული სახის პრობლემები დღესაც აწუხებთ კერძოდ,  “იძულებულები ვიყავით ახალი საცხოვრებელი სახლი აგვეშენებინა ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც  ბეტონის ქარხნის სიახლოვესაა, რაც ოჯახისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს” (ეკა ხაჩიძე). 


 ეკა ხაჩიძის სახლი ავტობანის მშენებლობამდე

სოფელ ხევის მაცხოვრებლები  მშენებლობით გამოწვეულ ხმაურსა და გაუსაძლის მტვერზე საუბრობენ. მათი თქმით,  სამშენებლო პროცესში  მძიმე ტექნიკის გამოყენებამ, ფერდობების, კლდეების ხელოვნურმა ჩამოშლამ და მდინარისთვის კალაპოტის შეცვლამ   ეკოლოგიური პრობლემებიც გამოიწვია.    სამშენებლო პროცესით, ასევე დაზარალდა სოფელ  ვერტყვიჭალაში  მცხოვრები გოგალაძეების ოჯახიც. ისინი თითქმის 27 წლია ცენტრალურ გზასთან ახლოს, პატარა, კვებით ობიექტს ფლობენ. გოგალაძეების ოჯახისთვის ე.წ სასადილო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო სანამ, აქ მიმდინარე სამუშაოებისა (მდინარისთვის კალაპოტის ცვლილება და ქანების მოშლა)  და მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო, კვებითი ობიექტის შენობა არ დაზიანდებოდა. შენობის ავარიულობის გამო, უკვე 2 წელია    კვების ობიექტი- “სანაპირო” დახურულია. გოგალაძეების ოჯახმა პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს მიმართა, რადგან   კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები უშედეგო და დროში გაწელილ იყო.  ოჯახის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს (მასში შედის 2 წლის განმავლობაში  კვების ობიექტის დახურვის გამო, მიუღებელი შემოსავალი და  კომპანიის მიერ ამ ობიექტის სრულად შესყიდვის მოთხოვნა).  თუმცა, კომპანია მათ მხოლოდ  შენობის შეკეთებისთვის საჭირო თანხას სთავაზობს. გოგალაძეების ოჯახის  თქმით კი, მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო,  აქ კვების ობიექტის   აღდგენა შეუძლებელი და საშიშიც კი არის. ამ ეტაპზე,  სასამართლოში საქმე განხილვის პირველ ეტაპზეა. გოგალაძეების ოჯახი  დავას კონტრაქტორი კომპანიის (უჰანის კომპანიის) და სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს. 

ჩვენთან  საუბრისას, საქართველოს საგზაო დეპარტამენტი,  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რიკოთის მაგისტრალის  გარდამტეხ მნიშვნელობას უსვამ ხაზს.  მათი თქმით, მაგისტრალს რამდენიმე სტრატეგიული დანიშნულება აქვს:

  • საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის  განვითარება, მისი სატრანსპორტო  კორიდორების გაუმჯობესების გზით.
  • საგზაო ქსელის გაუმჯობესება  ასევე, მნიშვნელოვანია,  ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და მეზობელ ქვეყნებთან  ვაჭრობის ხელშესაწყობად.
  • ასევე, პროექტი  ითვალისწინებს მოსახლეობის ცხოვრების  და უსაფრთხოდ გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც.

დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს  ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის ამ მაგისტრალის მშენებლობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთ-ერთი სეგმენტია.  ამ მონაკვეთზე კი, გაივლის ყველა ის სატრანზიტო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ევროპიდან, თურქეთიდან, ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის პორტებიდან თბილისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიის მიმართულებით.  

საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, რიკოთის  ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. დეპარტამენტის თავდაპირველი განცხადებით, რიკოთის საავტომობილო  გზა 2022 წლისთვის  უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.  ერთი ვერსიით, მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთი 2022 წლისთვის უნდა დასრულებილიყო, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად 2023 წლისთვის შევიდოდა.   ამ ეტაპზე კი, მაგისტრალის დასრულება 2024 წელს იგეგმება.  

„აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას, ჩინეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის  ურთიერთობების განვითარებას  და საგარეო სავაჭრო  ურთიერთობებში მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოებას(ნიკა ჩიტაძე). ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის,  განცხადებით,  რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას    უდიდესი მნიშვნელობა უნდა  მიენიჭოს, რადგან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითია სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.     ჩიტაძის თქმით,  რიკოთის მაგისტრალის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ორი გლობალური პროექტი: 1)  ევროკავშირის პროექტი (ტრასეკას პროექტი -”Transport Corridor Europe-Caucasus-Asia”), რომელიც გულისხმობს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი  საკომუნიკაციო სისტემების განვითარებას.  მასში შედის  ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელი კავკასიაც. 2)  ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი  პროექტი- „ერთი  სარტყელი ერთი გზა“, რომელსაც საქართველო 2015 წელს შეუერთდა.  ეს ორი პროექტი ხელს შეუწყობს რიკოთის მაგისტრალის გამოყენების  გზით ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით და პირიქით, ჩინეთიდან  ევროპის მიმართულებით  ტვირთების გადაზიდვას.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მთავრი დონორი ორგანიზაციები არიან: მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკები.  ჩიტაძის თქმით, დონორ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა  საკუთარი ინტერესებიც გააჩნიათ, კერძოდ,  საბანკო დაწესებულებების ერთ-ერთი ინტერესია  კრედიტის გცემა და შემდგომში მაღალი პროცენტის მიღება.  რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, იგი საქართველოსთვის  ყველაზე დიდი კრედიტორია. მის მიმართ საქართველოს დავალიანება   მილიარდობით ვალია“.   ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე  შესაძლოა, ამ კრედიტის უკან დაბრუნების პრობლემაც შეიქმნას. თუმცა, „უნდა აღინიშნოს, რომ  ასეთი ტიპის  კრედიტი უფრო მისაღებია. ვინაიდან,  პროდუქტი იქმნება ინფრასტრუქტურული პროექტის  სახით და ადამიანებიც დასაქმდნენ (ნიკა ჩიტაძე).

“საუკუნის პროექტად” წოდებული რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას ქვეყნისათვის  ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, გასათვალისწინებელია  ბუნების რელიეფი და მოსახლეობის ინტერესები, რადგან თავიდან ავირიდოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკმაყოფილება და  გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.

ავტორი: სოფიო ტაბატაძე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin