რა დონეზეა შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობაში

აგრობიზნესში დასაქმებულებისთვის უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  უამრავ ადამიანს მუშაობა უწევს დაღლილობის, არასათანადოდ შერჩეული ხელსაწყოების, რთული რელიეფის, ექსტრემალური ამინდის პირობებში, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც  ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) კომპანია ,,გერგილის“ წარმომადგენელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ქეთევან სალუქვაძე ამბობს, ერთ-ერთი სირთულე სოფლის მეურნეობაში შრომის უსაფრთხოების მხრივ ცნობადობის დაბალი დონეა.

,,საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2019 წლიდან მოქმედებს და ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, შესაბამისად მოიცავს სოფლის მეურნეობის მიმართულებას. აღნიშნული კანონის თანახმად, განსაზღვრულია როგორც დამსაქმებელთა, ასევე დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები. მიუხედავად ბოლო წლებში გააქტიურებული საინფორმაციო კამპანიებისა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სოფლის მეურნეობაში ცნობიერების ნაკლებობა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.  ხშირად, დამსაქმებლები და დასაქმებულები სათანადოდ ვერ აღიქვამენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის ვალდებულებას და საჭიროებას. სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის პრობლემა არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმებულთა სიმრავლეა, რაც კიდევ უფრო ართულებს როგორც კანონის აღსრულების საკითხს, ასევე სახელმწიფოს ჩართულობას კონტროლის თვალსაზრისით. არაფორმალური დასაქმების პირობებში, დასაქმებულები  ყოველგვარი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების მიღმა რჩებიან“, – აცხადებს ქეთევან სალუქვაძე.

მისი თქმით,  პრობლემაა განსაკუთრებით  სეზონურ სამუშაოებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდებოდეს თვითდასაქმებულებზეც და გარკვეული ფორმით საკანონმდებლო დონეზე მოხდეს აღნიშნულის ასახვა.

როგორც სალუქვაძე ამბობს, სოფლის მეურნეობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, პესტიციდების და სხვა სახიფათო ნივთიერებების გამოყენება ასევე საფრთხეს უქმნის მუშათა ჯანმრთელობას.

,,სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა სტანდარტები უნდა დაიცვას სხვადასხვა კულტურების შეწამვლისას, რის გამოც საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნიან.  პირველ რიგში,  გათვალისწინებული უნდა იქნას შხამ-ქიმიკატების შესახებ ეტიკეტზე, ნივთიერების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე (MSDS) დატანილი ინფორმაცია და მოთხოვნები უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. ასევე მოცემულია გამაფრთხილებელი, ამკრძალავი ნიშნების  გამოყენების შესახებ მითითება. დასაქმებულებს უნდა უტარდებოდეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება. დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ უნდა იქნას  პრევენციული და დამცავი ზომები იმისათვის, რომ ტექნიკა, ქიმიკატები, იარაღები და პროცესები  იყოს უსაფრთხო და შეესაბამებოდეს შრომის უსაფრთხოების განსაზღვრულ სტანდარტებს.


გათვალისწინებული უნდა იქნას შეწამვლის პროცესის სპეციფიკა.   სერიოზული რისკებია ასევე მელიორაციაში. ზუსტ სტატისტიკას არ ვფლობთ სარწყავ არხებში მომხდარი უბედური შემთხევების შესახებ, თუმცა  ფიქსირდება ფაქტები, როცა სარწყავ არხებში იხრჩობიან ბავშვები, რაც,  რა თქმა უნდა,  ძალიან სამწუხაროა. 

საფუძვლიანი კვლევების ჩატარება და საკითხის ძირეული მოკვლევა, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით, სიღრმისეულად დაგვანახებს იმ საკითხებს, რომლებიც მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით არ ჩანს“, – ამბობს სალუქვაძე.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით.

ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით,  სოფლის მეურნეობის სექტორში, 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აღრიცხულია 5 გარდაცვალების და 3 დაშავების შემთხვევა. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევები ვერ ასახავს რეალურ სურათს, რადგან ისევ ცნობიერების ნაკლებობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან არ ხორციელდება შეტყობინებები უბედური შემთხვევების შესახებ. ამასთან, არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმებულების სიხშირე სოფლის მეურნეობაში ხელის შემშლელია რეალური სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვაში.

შეგახსენებთ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია 1.3 მილიარდი მუშაკი, რაც მთლიანი მსოფლიო სამუშაო ძალის ნახევარია. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის დაზიანების სიხშირით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ სფეროს ყოველწლიურად სულ მცირე 170,000 მუშაკი ემსხვერპლება. ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ორჯერ უფრო მეტი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე სხვა სექტორში მომუშავეები.

წყარო: “კომერსანტი”

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin