პური არ გაძვირდება – ლევან დავითაშვილი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა განცხადება. ლევან დავითაშვილის განმარტებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის. „მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება” – აღნიშნავს მინისტრი.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სუბსიდირება იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე, რის შედეგადაც პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი და ეს სუბსიდირება სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე – არ გაიზარდოს არც ხორბლის ფქვილის და არც პურის ფასი. დაახლოებითი ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია თვეში 2-2,5 მილიონი ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონამდე ლარით განსაზღვრავს“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.

დღესვე, „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტებზე ფასები ქვეყანაში უკვე გაზრდილია და მზა პროდუქტი, რაც დახლებზეა შესაძლოა დეფიციტშიც აღმოჩნდეს. ივა ჭყონიას თქმით, განსაკუთრებით ფასი გაზრდილია ზეთზე. 

რაც შეეხება პროდუქტების ფასის სუბსიდირებას, მთავრობამ ე.წ. პირველი ტალღის დროს 9 სასურსათო პროდუქტის ფასი დაასუბსიდირა, თუმცა ეკონომისტების ნაწილი მას თავიდანვე უარყოფითად აფასებდა. 

პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ ნახოთ სიუჟეტი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin