პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება დაიწყო

ქვეყანაში პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ეროვნული პროგრამის შექმნა განსაზღვრულია ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით.

გარემოს დამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია აღნიშნავენ ქვეყანაში დანაგვიანებისა და ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ პრობლემებს. ისინი საუბრობენ ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე და მთაში მდებარე ბილიკებზე სტიქიურად გაჩენილი ნაგავსაყრელების შესახებ, რომელთა შემადგენლობაში საკვების შესაფუთად გამოყენებული პლასტმასი და ცელოფნის პარკები ჭარბობს.

“დოკუმენტში შემოთავაზებული იქნება პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების გზები. ეროვნული პროგრამა გაითვალისწინებს პლასტმასის პროდუქტების როგორც წარმოების, ასევე მოხმარების პროცესს და დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

პროგრამა სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin