პეკანის გამრავლება თესლით – აგრორჩევები

პეკანის გამრავლება შესაძლებელია თესლით და ვეგეტაციური წესით. მსოფლიოში გამრავლების ფართოდ მიღებული ხერხია თესლით გამრავლება.

გამრავლებისათვის თესლი უნდა ავიღოთ სადედე მცენარეებიდან. სადედე მცენარედ უნდა შეირჩეს საუკეთესო ფორმის (ჯიშის) მცენარე. სადედე ხე უნდა აკმაყოფილებდეს ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველა დადებით თვისებებს.

დასათესად გამოიყენება ახალი თესლები. მოკრეფილი თესლი უნდა განთავისუფლდეს რბილობისაგან და გაშრეს ჩრდილში. სასურველია ახლადდაკრეფილი თესლის 1-2 დღით მზეზე გაშრობა, რომელიც აძლევს ნაჭუჭს უფრო ნათელ შეფერვას და იცავს სოკოვანი დაავადებებისაგან.

თუ სანერგეში კაკლის თესვა მიმდინარეობს შემოდგომით, მაშინ თესლი არავითარ წინასწარ დამუშავებას არ საჭიროებს. გაზაფხულზე თესვისათვის კი საჭიროა თესლის განსაკუთრებული შენახვა ან სტრატიფიკაცია. შეიძლება სტრატიფიკაციის გარეშე თესლი შევინახოთ კარგად განვითარებულ სარდაფში 12-14 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო თესვის წინ დავალბოთ წყალში 2-4 დღის განმავლობაში. გაღვივების მაღალ მაჩვენებლებს იძლევა თესლის ბიორაგბის დაბალკონცენტრირებულ ხსნარში დალბობა 12 საათის განმავლობაში.

სანერგეში კაკლის თესვა მიმდინარეობს კარგად გაფხვიერებულ კვლებში 5-7 სმ.სიღრმეზე. ერთმანეთისაგან 10-15სმ-ის დაცილებით. თესვისას რეკომენდებულია კაკლის წვეროს გვერდულად მოთავსება. სანერგეში მწკრივებს შორის მანძილი 1 მ-ია.

გვიან შემოდგომით ნათესი კაკალი ადრე გაზაფხულზე იწყებს აღმოცენებას და ვეგეტაციის ბოლოსათვის 20 25სმ.სიმაღლეს აღწევს.

მუდმივ ადგილზე გადასარგავად ნერგის სიმაღლე სასურველია იყოს 80-100სმ-ზე მეტი, ღეროს დიამეტრი 7-8 სმ. ანუ დათესვიდან მე-3 წელს ნერგების 50-60% სტანდარტულია.

ასევე პრაქტიკაში პეკანის გასაშენებლად იყენებენ მუდმივ ადგილზე ბუდობრივ თესვას 2-3 კაკალი ერთ ბუდნაში. ბუდნა კარგად მოიტკეპნება და დაესობა სარი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin