ნამოხვანში სამშენებლო სამუშაოები განახლდა 

სოფელ ნამოხვანში დღეს კომპანია ENKA-მ ჰესისთვის მიმდინარე სამუშაოები განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტის გააქტიურება მოჰყვა. ადგილობრივები აქციებს ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე 118-ე დღეა მართავენ. 

ადგილიდან ფეისბუქ ლაივის საშუალებით ჩართვა აქვს აქციის ერთერთ ორგანიზატორს. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე მობილიზებულია კომპანიის სამშენებლო ტექნიკა და პოლიცია. 

რამდენიმე დღის წინ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა პეტიცია განიხილებოდა პარლამენტშიც. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მათ 10 135 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს გადაეგზავნა. 

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად:

ჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტია;

სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ/სთ;

ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;

საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ჰესის ასაშენებლად საჭირო გამოკვლევები ჩატარებული არ აქვს. მათთვის ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე კი ისინი ფიქრობენ, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება აშკარაა. მიუხედავად  საზოგადოების პროტესტისა, კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევების სანდოობას სახელმწიფო ეჭვქვეშ არ აყენებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin