ნამახვან ჰესზე მიმდინარე სამუშაოები უკანონოა – მწვანე ალტერნატივა

19 თებერვალს სოფელ ნამოხვანში კომპანია ENKA-მ ჰესისთვის მიმდინარე სამუშაოები განაახლა. გარემოს დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მიმდინარე სამუშაოები უკანონოა. მათივე თქმით, ჰესის მშენებლობა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რის შესაფასებლადაც შესაბამისი კვლევები კომპანიას ჩატარებული არ აქვს. 

აქვს თუ არა „ენკა რინიუებლზის“ ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების უფლება?

არასამთავრობო ორგანიზაციაში “მწვანე ალტერნატვა” გვეუბნებიან, რომ მშენებელი კომპანია ენკა სამუშაოებს კანონდარღვევით ახორციელებს. 

მშენებლობის კანონიერების შესასწავლად მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ოქტომბერს მიმართა. 

საჩივარზე პასუხი სამინისტრომ ორგანიზაციას ერთი თვის შემდეგ დაუბრუნა. უწყება განმარტავდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას ამოწმებდა და შედეგებს მოგვიანებით აცნობებდა. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მწვანე ალტერნატივამ მხოლოდ 2021 წლის 20 თებერვალს, ინფორმაციის ორჯერ მოთხოვნის შემდეგ შეძლო. თუმცა ორგანიზაციას მოთხოვილი საჯარო ინფორმაცია გაცილებით ადრე, ორჯერადი მცდელობის გარეშე კანონით დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს 10 დღისა უნდა მიეღო. 

დაგვიანებით მოწოდებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ ენკას მშენებლობის დაწყებამდე ჰქონდა ვალდებულება წარედგინა და არ წარადგინა/არ შეათანხმა სახელმწიფოსთან შემდეგი ინფორმაცია: 

1. მშენებლობის სატრანსპორტო სქემა;

2. სიღრმული წყალსადგებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები;

3. ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე მონიტორინგი, ასევე სხელმწიფოსთან არ შეათანხმა შესაბაბმისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები;

4. ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები;

5. სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები.

“ეს დარღვევები ჩვენ კი არ მოგვიგონია, თავად სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილშია ჩამოთვლილი, ამიტომ ჰესის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები უკანონოა” – ამბობს ჩვენთან საუბრისას მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. 

„ნამახვანი ჰესების“ კასკადი რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში შენდება. ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 1496 გგვტ.სთ, საინვესტიციო ღირებულება კი – 750 მლნ აშშ დოლარი. პროექტს კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ნამახვანის ჰესებში მონაწილე წამყვანი ინვესტორი, ნორვეგიული “Clean Energy Group,” დაკავშირებულია შუახევი ჰესზე მომხდარ ინციდენტთან, როდესაც ახლად აშენებული ჰესის გვირაბი, ქსპლუატაციაში გაშვებიდან 2 თვის შემდეგ, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin