ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

ონისა და ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით 10 135 მოქალაქის პეტიციას პარლამენტი შესაბამის სამინისტროს გადაუგზავნის.  დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტს არ აქვს რესურსი, თავად შეისწავლოს აღნიშნული საკითხები, ამიტომ პეტიციას საპასუხოდ შესაბამის სამინისტროს გადასცემენ. 

“იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხის განხილვას, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პეტიცია შესაბამის სამინისტროებს გადაუგზავნოს, რათა უპასუხონ ამ პეტიციის ავტორებს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც მათ აქვთ წარმოდგენილი” – დავით სონღულაშვილი. 

რა წერია პეტიციაში? 

ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს გასული წლის ნოემბრიდან მართავენ. 

  • შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკისშემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;
  • გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები.

“შანსი, რომ ეს პეტიცია გამხდარიყო პარლამენტის მხრიდან მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობის საფუძველი პარლამენტმა არ გამოიყენა”- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის  აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც კომიტეტის სხდომას თავადაც ესწრებოდა. 

“ამ პეტიციის მთავარი მიზანი იყო, ის რომ იმ პირობებში, როდესაც მთავრობა უარს ამბობს ამ ადამიანებთან კომუნიკაციაზე განხილვის პროცესი პარლამენტში გადასულიყო და პარლამენტს განეხორციელებინა თავისი ზედამხედველობა მთავრობის საქმიანობაზე. დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრობლემა იყოს ის, რომ პეტიცია ძალიან ტექნიკურად განიხილეს, კომიტეტმა მხოლოდ მომხსენებელს მისცა საშუალება პეტიცია წარედგინა სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებს თუ მეცნიერებს კი კითხვების დასმის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ.” – ამბობს ლინა ღვინიანიძე. 

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად:

  • ჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტია;
  • სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ/სთ;
  • ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;
  • საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ჰესის ასაშენებლად საჭირო გამოკვლევები ჩატარებული არ აქვს. მათთვის ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე კი ისინი ფიქრობენ, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება აშკარაა. მიუხედავად  საზოგადოების პროტესტისა, კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევების სანდოობას სახელმწიფო ეჭვქვეშ არ აყენებს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin