მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრები იკეტება

ხალხმრავლობა ბაზრებში და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

4 აპრილს საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით შიდა ქართლში 6 აგრარული ბაზარი, მათ შორის 2 გორში დაიხურა. გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს უკვე აცნობეს. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს, რაც კორონავირუსის პრევენციას შეუწყობს ხელს. 

კასპში ორი ბაზარი ფუნქციონირებდა და ამ დროისთვის ორივე დაკეტილია. „ერთი ბაზარი კასპში ყოველდღიურად ფუნქციონირებდა და დღეს დაიკეტა, ხოლო მეორე სოფელ ახალქალაქში მხოლოდ კვირა დღეს მუშაობდა და იქ გასაყიდად საქონელი მარნეულიდანაც შემოჰქონდათ, ამიტომ ის ბაზარი, პრევენციის მიზნით, უფრო ადრე დაიკეტა“ – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ მოვაჭრეებს ალტერნატივად სთავაზობენ ბაზრების ნაცვლად, ადგილობრივი მარკეტები მოამარაგონ.

შაბათ-კვირას 4-5 აპრილს სადეზინფექციო სამუშაოების მიზნით დაიხურება ახალციხის ბაზარიც. ბაზრის დირექტორის ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, მომდევნო დღეებში ბაზარი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

„დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ და ამიტომ ორი დღე 4-5 აპრილს ვხურავთ ბაზარს. სხვა დღეებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“ – განაცხადა ქართველიშვილმა.

აგრარული ბაზარი იხურება სენაკშიც. მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სენაკში ბაზარი 6 აპრილიდან დროებით დაიხურება, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ რეგულაციებს არ გაითვალისწინებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ რწმუნებულის მიმართვა უძღვოდა.

„სამწუხაროდ, დღეს, აგრარულ ბაზრებში არც ჰიგიენის ნორმებია დაცული და არც – დისტანცია, რომელიც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუ კი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ.“

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას განაგრძობს ზუგდიდისა და ფოთის აგრარული ბაზრები, რადგან მონიტორინგის მასალების თანახმად, ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა. თუმცა, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განაცხადებით, მათი დახურვაც იგეგმება.

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ვაჭრობის ფორმის შესათავაზებლად სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველის რაულ ქირიას თქმით, რეგიონის 12-ივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. კითხვაზე თუ რა ფორმით შეეძლებათ მეურნეებს პროდუქციის გაყიდვა ან როგორ მოხდება მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება რაულ ქირია განცხადებით, ამასთან დაკავშირებით გეგმას მალე შეიმუშავებენ. მისი თქმით, იგეგმება ე.წ მობილური ბაზრების ამოქმედება, სადაც დაცული იქნება სანიტარული ნორმები და თანხის გადახდა ტერმინალით იქნება შესაძლებელი.

დუშეთში ორივე აგრარული ბაზარი (დუშეთისა და სოფელ წითელსოფლის აგრარული ბაზრები) 18 მარტიდან, ხოლო საკვირაო ბაზრობები 31 მარტიდან არის დაკეტილი. აგრარული ბაზრები რუსთავშიც დაკეტილია.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხნით იქნება ბაზრები დაკეტილი. ზუსტად რამდენი აგრარული ბაზარია დაკეტილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მათი კომპეტენცია არ არის და მათ მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შეუძლიათ ისაუბრონ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin