მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თბილისის მერიასთან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართეს

20 სექტემბერს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალური გაფიცვა გაიმართა, რომელსაც ქართველი მოსწავლეები და სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ უარი თქვეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლაზე და თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.

აქტივისტებმა რეკრეაციული ზონებისა და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტა მოითხოვეს. მათივე მოთხოვნით, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია და მოქალაქეთა საკუთრებაში დაააბრუნოს, ბათუმში არ უნდა გაიცეს რივიერას მშენებლობის ნებართვა, თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი უნდა გაშენდეს და ტრამვაის ხაზი უნდა მოეწყოს.

20 სექტემბერს ერთ წელიწადზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი მოსწავლე, პირველად გაიფიცა მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და ადამიანებს კლიმატური კრიზისი აარიდონ. წინა გლობალურ გაფიცვას, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 123 ქვეყნის 2 000 ქალაქში 1.4 მილიონი მოსწავლე და სტუდენტი შეუერთდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin