მივესალმებით საპატრიარქოს განცხადებას – სამინისტროები ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებზე

“მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე”, – განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ დიალოგის ფორმატში ჩაერთვებიან. 

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, სამინისტროებისთვის აქტივისტების დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი მიუღებელია. 

საპატრიარქო ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებს 14 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა, განცხადების მიხედვით, საპატრიარქოსთვის შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა დღეს 4 აპრილს ქუთაისში გადაინაცვლეს. მათ ქუთაისში აქციის გამართვის გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს, აქტივისტები ქუთაისში გუმათიდან მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც პოლიციამ რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართა. რკინის კედლის აღმართვამდე კომპანია „ენკას“ ბაზასთან აქციის 6 მონაწილე დააკავეს.

რიონის ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან არის შეზღუდული. ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin