მთავრობამ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის დისკუსიაში ჩართვის მიზნით მიმართა

მთავრობამ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანი ჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით მიმართა

ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანი ჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა წერილით მიმართეს. – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრების განმარტებით, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის -ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად დაიწყოს.

“ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.” – აღნიშნავენ მინისტრები. 

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის,“ – ნათქვამია წერილში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin