მეწყერზე ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო – კალაძე

თბილისის მერი ამბობს, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდზე დაძრულ მეწყერზე ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. კახა კალაძის თქმითვე, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციას დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც.

მერის განმარტებით, 15 მარტიდან შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა, მას შემდეგ აღდგება, რაც ფერდზე მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაცია მოხდება. კონკრეტული თარიღი და პერიოდი მერს არ დაუსახელებია. 

„ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური  წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაკვირვებას და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. ახლა მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობა მიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.

თბილისი მერიის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს უარყოფითად აფასებს გეოლოგებისა და სეისმოლოგების ნაწილი. მერიის მიერ გატარებულ სამუშაოებზე გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, რომ მეთოდი მსოფლიო პრაქტიკაშიც გამოიყენება, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება მეწყერის პარამეტრებიდან უნდა გამომდინარეობდეს. 

———————

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად თბილისის მერია დაახლოებით 7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის წესით მერიამ დოკუმენტაცია 25 მარტს გამოაცხადა. 

დოკუმენტის მიხედვით თანხა ასე ნაწილდება:

• საპროექტო მომსახურება 500 000 ლარი;

• სამშენებლო სამუშაოები 6 500 000 ლარი.

ტენდერის თანდართულ ფაილებში დაკონკრეტებული არ არის თუ რა სამშენებლო ღონისძიებების გატარებაა დაგეგმილი. სამუშაოების ეტაპობრივად შესასრულებლად მერიას 150 დღიანი ვადა აქვს გამოყოფილი. 

ადგილზე, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.  მშენებლობისთვის 18 მილიონიანი ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა. ტენდერი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მოიგო და ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში 15 მილიონ ლარად გააფორმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin